გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

silentium

არავინ, გარდა დუმილისა და ისიც ყველგან;
ელვის კუდი რომ ჩაიკლაკნა და გაქრა მყისვე,
იქ ჩაილია ჩვენი თვალები.

ხეებს, როგორც პიქტოგრამებს ვათვალიერებ,
ფოთოლ_ფოთოლ თავს რომ კარგავენ;
მენატრება მათთან ყოფნა და ჩრდილების საგა...

მხოლოდ გულში გავიმეორებ უხსოვარ მოტივს,
მოსათიბ ბალახს რომ აშინებს და ახსოვს მთიბავს-
მივიწყებულ ცელს- პირს რომ უფხავებს.

გაავლე ხნული,
გაყამირებულ უთვალავ გულზე
და მარცვალი მიმოაბნიე და აწვიმე ცის თვალებიდან...

მოვა ჟამი და მოიმკიან ისეთ მოსავალს,
რომ ბეღლები და ხორგოები ვერ დაიტევენ
და მშიერ ბავშვებს მარცვალ_მარცვალ დაურიგებენ.

ფეხადგმული მიწა მე ვარ _
სიტყვამ ჩემში ფესვი გაიდგა..
აქ დუმილი იბადება და შენამდე მოსასვლელს ვეძებ.