გოდერძი ჩოხელი - ფოტო

გოდერძი ჩოხელი

მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი

0 11333

წერილი ნაძვებს


საშინელმა სიზმრებმა გატანჯეს ჯღუნაი და შემკრთალს გამოეღვიძა.

კარგა ხანს ღამის ზმანებები ედგა თვალებში. საწოლზე იჯდა თავჩაღუნული.მერე ფეხებზე ტალახიანი ჩექმები ჩაიცვა და ბერის სახლისაკენ მიმავალ ორღობეს გაჰყვა დაფიქრებული.

მზე კარგა აქეთ ამოსცილებოდა აღმმოსავალს.

ბერის სახლის წინ სოფლის დედაკაცები ისხდნენ და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. იმათ შორისიჯდა ბერის ცოლიც. იდაყვზე სახეჩამოყრდნობილი დროდადრო სახლის ფანჯარას შეხედავდა და ამიოხრებდ.

სიჩუმეს მარტო ღობის მარგილზე შემომჯდარი ყვავი არღვევდა.

საავოდ ყრანტალებდა ყვავი.

-ყვა შენ და შენი ხმის გაცივება!-ქოქოლას აყრიდნენ ყვავს დედაკაცები.

ჯღუნამ ღობიდან მარგილი მოტეხა და ყვავს ესროლა.

ყვავი გაფრინდა და ახლა ბანის წვერზე შემომჯდარი მოჰყვა ყრანტალს. ჯღუნაი კედელ-კედელ წამოეპარა და დიდი სიპი ესროლა. ყვავმა ისევ შეიცვალა ადგილი. ჯღუნამ თავი გაანება და დედაკაცებთან ჩამოვიდა.

-როგორ არის საქმე?-იკითხა ჯღუნამ.

-წუხელ მაგარი შეტევები ჰქონდა.-თქვა ბერის ცოლმა.

-ნემსი გაუკეთეთ?

-არ გაგვაკეთებინა.

-ცოტა მაინც არ გახმა?

-ხმება, მაგრამ ისე დარდობს იმის გახმობას, ალბათ გადაჰყვება. გულიც

რო ეხლა ასტკივდა!

-ექიმი არ ამოვიდა?

-ჰო, ამ დილით ამოვიდა.- თქვა ბერის ცოლმა და ამოიოხრა.

-რა თქვა, რაო.

-თუ იმ ნემსებს არ გაიკეთებს, არ გახმებაო. როგორ არ ვეხვეწეთ, მაინც

არ გაიკეთა.

-სხვა წამალი არაფერი დაუნიშნა?

-ჯერ არა, ელაპარაკება, შიგნით არის.

ჯღუნაი სახლში შევიდა.

საწოლზე ზის ბერი. მარცხენა მხარზე ტანსაცმელი ამოუჭრიათ და იქიდან

პატარა ნაძვს ამოუყვია თავი.

შიშველი ფეხები საწოლის წინ ამოთხრილ მიწაში უწყვია ბერს და მიწას წყალს უღვრის.

-ნუ,ბერო,გასცივდები,ნუ იღუპავ თავს.

ეხვეწება ბერს ექიმი,სამოც წელს მიტანებული,დაბალი ებრაელი ქალი.ეს ქალი გუდამაყრელების მკურნალი ანგელოზია.

-რას შვრები,კაცო ნემსებს არ იკეთებ და მიწაში რო ფეხებს აწყობ,შენ გულს მაგით ეშველება?

-მე არა,ამას ეშველება.- მხარზე ამოსულ პატარა ნაძვზე ანიშნებს ბერი ჯღუნას.

-შე კაი კაცო,მაგდენი როგორ არ გესმის,შენ თუ დაიღუპები,ეგ ნაძვიც ხო დაიღუპება,რა გაჰქეჯდი,გაიკეთე ნემსები.

-ნემსი როგორ გავიკეთო,გახმება,ხო ხედავ,როგორ ჩამოუჭკნა წიწვები.

ბერმა ფეხებში მოყრილ მიწას წყალი დაასხა.

ოთახში უცხო კაცი შემოვიდა და იქ მყოფთ გამარჯვება უთხრა.

-გაგიმარჯოს.-სულ ბოლოს თქვა ბერმა და მოსულს სიგარეტზე ანიშნა:

-ჩააქრე, მაგის ბოლზე უფრო ხმება.

ახალმოსულმა სიგარეტი ჩააქრო და თქვა:

-მე თქვენი სკოლის ახალი მასწავლებელი ვარ. გეოგრაფიას ვასწავლი. ამ უცნაურმა

ამბავმა დამაინტერესა და იმიტომ მოვედი. გაოცებული ვარ პირდაპირ, გაოცებული.

არა,თუ შეიძლება, უფრო ღრმად გამარკვიეთ ამ საქმეში.

-რა არის აქ ღრმად გასარკვევი, ამოვიდა, ამოვიდა,- თქვა ბერმა.

-თქვენ ამბობთ, რომ ღრმად გასარკვევი არაფერია, უბრალოდ, ამოგივიდათ, ხომ. მაგრამ მე გადმომცეს, რომ თქვენ შვილივით ეპყრობით მაგ ნაძვს. ჰაერზეასეირნებთ, იმის გულისთვის, რომ წამლებმა ნაძვი არ გაახმოსჩ თქვენ ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებთ. არ არის ეს ღრმად გასარკვევი ამბავი? რას მეტყვით, საიდან გაჩნდა ეს მამაშვილური მზრუნველობა,ჰა?!

მე შვილი არა მყავს. -თქვა ბერმა და მასწავლებელს, რომელმაც სიგარეტი აანთო,სთხოვა:

თუ შეიძლება,აქ ნუ მოსწევთ.

უკაცრავად, სყლ გადამავიწყდა. და კიდევ ერთი: არ გეგონოთ მე თქვენი ცოლის მიერ მოგზავნილი, ეს ჩემი რჩევა არის:

-თქვენ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ნემსები, სხვანაირად გული არ მოგირჩებათ. ნაძვები ბატონო ტყეში რამდენიც გინდათ იმდენია, თქვენ კი ერთი პატარა ხის გულისათვის...

-თქვენ რომ ამოგსვლოდათ,რას იზამდით.-ჰკითხა ბერმა.

-თქვენსავით გული რომ მტკივებოდა,ალბათ,ჩემ თავს ვარჩევდი და წამლებს მივიღებდი.თქვენ კი,სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ და იცით თუ არა,რომ ამით თქვენში მყოფ ღმერთს ჰკლავთ.

-განა ეს ნაძვი კი ცოცხალი არ არის?!-თქვა ბერმა.

-ეგ ნაძვი ისეც გახმება.

-იქნებ არ გახმეს.-თქვა ბერმა და წასასვლელად მოემზადა.

-სად მიხვალ?-ჰკითხა ჯღუნამ.-უნდა ვასეირნო,აქ ჩახუთული ჰაერია,შეიძლება აქ მართლა გახმეს.

-გულის წვეთები მაინც დაგელია.-სთხოვა ექიმმა.

ბერმა არაფერი თქვა,ფრთხილად გავიდა ვიწრო კარში,რომ ნაძვი არაფერს წამოსდებოდა ტოტებით.

-თქვენ ღმერთი გწამთ?!-ჰკითხა ექიმმა მასწავლებელს.

მასწავლებელი დაიბნა.

-არა, ეს ისე; ძალიან უცნაური შემთხვევაა. როგორც უნდა ამოუვიდე

კაცს ნაძვი. ამის მერე შეიძლება ყველაფერი იწამო. ვითომ რატომ ამოსვლოდა ნაძვი, ჰა?

-ომში დაჭრილა და ტყეში ნაძვის მტვერი ჩაჰყრია ჭრილობაში.- თქვა ექიმმა.

-როგორც გგონიათ, ექიმო, არაფერი ეშველება?- იკითხა ჯღუნამ და ნათქვამს დარდი ამოაყოლა.

-როგორმე აბა, ღამეც არ იძინებს, სუ იმ ნაძვს ჰყარაულობს, შვილივით უვლის.

-გულმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს, მკურნალობა აუცილებელია.- თქვა ექიმმა.

-პიდაპირ ღრმად შესწავლის ღირსია ეს თემა.-თქვა მასწავლებელმა და სიგარეტი გააბოლა.

ბერმა ჯერ თხილნარში ისეირნა, მერე იფიქრა: იქნებ წიფლიანში უფრო მოუხდეს ნაძვს გასეირნებაო და ზემოთ წავიდა.

გზაზე მეტყევე გადაეყარა.

-მართლა ხმება?- ჰკითხა მეტყევემ ბერს.

-ჰო, ვერ არის კარგად.

-შენც რაღა ეხლა აგტკივდა გული.

-აბა!

-ისე ღმერთის სამართალი რა ვთქვი,აქაურ ტყეში ნაძვი არ იბადება და მაინცდამაინც შენ ამოგივიდა, იმ დალოცვილს შვილი მოეცა ბარემ.

-მე ამაზედაც მადლობელი ვარ,ოღონდ ნუ გახმება.

-რაღა ნუ გახმება,ანდე,ჩამოსჭკნობია წიწვები. ანდა, კაცო,ბედი არ არის,მა რა რის,რატომ სხო ხე ვერ გაიმეტა ღმერთმა,ბალი მაინც ამოგვსვლიყო,პირს მაინც გაისველებდა კაცი,ნაძვს რაში გამაიყენებ, ის დალოცვილი, თუ გაძლევს,მოგცეს.არც იმასა აქვს სამართალი და ეგ არის. -მე არა ვნანობ.-თქვა ბერმა.

-ისე, არა სტყუი, კიდე, ხო იცი, იძახიან, ნაძვის გირჩებისაგან კუჭის წამალს აკეთებენო. მამკლა, კაცო, კუჭის ტკივილმა. ე ჩვენ ტყეში კიდევ ერთ ძირსაც ვერ ნახავ,სუ წიფელი და ნეკერჩხალია. თუ ძმა ხარ, თუ არ გახმა და გირჩები გამაიბა, არავის მისცე, მამკლა კუჭის ტკივილმა.

ბერი ნაძვის პირველ გირჩებს მეტყევეს შეჰპირდა და მარტოკამ გააგრძელა გზა.

გორზე დაისვენა.

ახლომახლო მოშიშვლებული ადგილი იყო და როცა კი ნაძვს ასეირნებდა, ყოველთვის აქ ისვენებდა ბერი. ჩამოჯდებოდა და ეალერსებოდა ნაძვს. ეს ადგილი ძალიან მოსწონდა.

ცოტა რომ დაისვენა ბერმა, ადგა მახლობელ ჩირგვში ისე ჩაიმალა, რომ ზემოთ მხოლოდ

ნაძვი ჩანდა. მანამდე იყო ასე, სანამ ერთი პატარა ღობემძვრალა ჩიტი არ შემოჯდა ნაძვის

კენწეროზე. თავის ენაზე რაღაცა იწრიპინა და ნაძვზე ჯდომით რომ გული იჯერე, გაფრინდა.

ბერი წამოდგა და მადლიერი მზერა გააყოლა ფრინველს.

მერე ისევ გორზე დაჯდა და ჭიუხებიდან მონაბერ ნიავს შეუშვირა მარცხენა მხარი.

ქვემოთ ხელისგულივით ჩანს არაგვის ჭალა.

სულ ქვემოთ, ხეობის დასაწყისში დიდი სოფელი ჩანს, იმ სოფელში კოლმეურნეობის კანტორა არის: აქედან

კარგად ჩანს ის შენობა. თეთრი, მაღალი, ქვითკირით ნაშენები.

ბერს უცებ აზრი დაებადა.

ჩავა კანტორაში და კოლმეურნეობის თავჯდომარეს დასასვენებელ საგზურს სთხოვს

სადმე ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ნაძვებია. იქნებ ჰაერი მოუხდეს და აღარ გახმეს ნაძვი.

ამის გაფიქრებაზე გულის ტკივილიც კი გადაავიწყდა. სირბილით დაეშვა ქვემოთ.

კოლმეურნეობის თავჯდომარე თავის ოთახში დაუხვდა. ცნობისმოყვარე ხალხი ჯარივით მოსდევდა ბერს უკან.

-საგზური მინდა. -თქვა ბერმა.

-რა საგზურს თხოულობ, ვერ გამიგია, -გაიკვირვა თავჯდომარემ.

-სადმე ნაძვნარ ადგილას.

-ჩვენ აქ ვშრომობთ. -ქვა თავჯდომარემ.

-ვიცი. -უთხრა ბერმა.

-მერე?!

-იქნებ გქონდეთ საგზური,

-არა გვაქვს.

-ძალიან გთხოვთ.

-კაცო, რას გადამეკიდე, ხო გითხრეს, გაიკეთე ნემსებიო, რატომ არ იკეთებ!

-შენც იმათ მხარეს ხარ?

-ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვია და ნუ ჯიუტობ რაღაცას.

-ამომივიდა და რა ვქნა!

-ამოგივიდა! ხმება! გამიხსენი ეხლა აქ სატყეო მეურნეობა, გაიშენე ზურგზე ტყე, გაურივე შიგ პანტა, ვაშთი, მსხალი, ზღმასრტლი. გაამრავლე მერე ნადირი.

შემოგესევიან მონადირეები, ტყის მჭრელები და ნუღა მომასვენებ მერე. მომთხოვეა მეტყევეები, დავუნიშნოთ მერე ხელფასი. მერე იმ ნაძვნარში აგარაკს მოგვთხოვს ვიღაც. ჰო, მართლა, ყურძენი არ დაგავიწყდეს, ვენახიც გაიშენე, დავწუროთ ღვინო და ვიყვნეთ ესე... საგზური არა მაქვს მე და რაც გითხრეს, ის გააკეთე. შენ არ იფიქრო,რო, შენმა ცოლმა დამავალა ამის თქმა. ამას მე გეუბნები: მოიშორე ეგ ნაძვი.

ბერს აღარაფერი უთქვამს თავჯდომარისათვის, კანტორიდან გამოვიდა და გზას გაჰყვა ქვემოთ.
კომენტარები (0)