გრიგოლ აბაშიძე - ფოტო

გრიგოლ აბაშიძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი

განმეორდება

ისევ ეს ფიქრი გდევს წლიდან წლამდე,
საითაც უნდა მიაპყრო მზერა,
სულ გინდა,
რაღაც გულით რომ გწამდეს,
და სადღაც კიდევ
რაღაცის გჯერა.
გჯერა,
რომ ფესვებს წლები არ უშლის,
ისევ იფეთქონ მწვანე ყლორტებად...
ლექსში,
შვილებში
და სიყვარულში
ჩვენი სიცოცხლე განმეორდება.
განმეორდება,
ურწმუნო ნუ ხარ,
(რწმენის დაკარგვა შესაზარია!)
ბედნიერია,
ბრმად ვისაც უყვარს
და მორწმუნენი ნეტარ არიან.
განმეორდება,
რაც გიმგზავრია,
რაც გიპოვნია,
რაც გაგფრენია!
მაგრამ ცხოვრება თუ სიზმარია,
გულდასაწყვეტიც არაფერია!..