ვერის ხიდზე


ვერის ხიდზე მძიმე ღამით თმაგაშლილი ქალი მღერის...
ლანდი დაჰსტვენს ვერის ხიდზე, ლანდი თოვლის და ნამქერის...
ვერის ხიდზე ქარი ზუის, მწვანე ზღაპარს ანიავებს,
ჰე! არული გაუმართავს ვერის ხიდზე კუდიანებს...
ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის, სტვენს და ჰკივის...
ჭინკა ჭინკას მისდევს ცეკვით, კუდიანი ხტის და ჰკივის...
ვერის ხიდზე ველურ ხმაზე ქარი აყრის მტკვარს სიამეს...
სისხლის ლანდი ვერის ხიდზე გულს ეჭრება მძიმე ღამეს...
მძიმე ღამით ვერის ხიდზე მთვრალი ქარი სატრფოს ელის...
ვერის ხიდზე ქეიფია გამართული გიჟი ველის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი