გურამ დოჩანაშვილი - მწერალი

გურამ დოჩანაშვილი - ფოტო

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მამა - პეტრე დოჩანაშვილი (ექიმი), დედა - გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია - მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა - სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია - ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა".

1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება", - ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.