...გადამავიწყდა, ვინ რა მაჩუქა

გადამავიწყდა, ვინ რა მაჩუქა,
ქვეყნად რამდენი რამ მისახსოვრეს,
არ გაგიკვირდეს, ელვარე შუქად
შენი სახლი თუ დავიმახსოვრე.
ქვეყნად არ მინდა სხვა საჩუქარი,
გადავიღალე ლხინის ყაყანში,
ალერსი მინდა ქუჩის ჩუმ ქარის
მივყვები ნელა ქუჩას – მაყაშვილს.
მე ისევ ისე მოვდივარ შროშნით _
კვლავ შენზე ფიქრით და სინანულით,
საკვირველია, ამ მძიმე დროში
რომ შემრჩა ძალა ამ სიყვარულის.
ნაზი თმები და ჯადო თვალ-წარბი,
შენი ღიმილი ნაზი ვარდისა,
შენა ხარ ჩემი ლექსის საბაბი –
მიზეზი მარად ჩემი დარდისა.
შენზე ვფიქრობ, როს დილა იწყება,
კვლავ შენზე ფიქრით ღამეში ვწვალობ,
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება:
დაულეველი ლექსების წყარო.
გადამავიწყდა ვინ რა მაჩუქა,
ქვეყნად რამდენი რამ მისახსოვრეს,
არ გაგიკვირდეს ელვარე შუქად
შენი სახლი თუ დავიმასოვრე.