ეს ქვის სახლია, სახლი ბექობის ..


ეს ქვის სახლია, სახლი ბექობის,
ჩვენ კი უცვლელი სახლის წევრები,
ერთი მარტივი თვალის შევლებით,
სიტყვით, სიჩუმით, ფიქრით, ექოთი,
ვგავართ ერთმანეთს და ჩვენს შინაგან,
ღრმა შეძახილზე უფრო ხშირადაც,
მკაცრი დუმილის მიღმა ვერთობით,
ვერთობით ღმერთით და უღმერთობით.

ვეძებთ თვალებით ჭერზე, თაღებთან,
შუქის ნარჩენებს, მაგრამ ქურდულად,
მძიმე ხელებით ვადებთ ურდულებს
კარებს, რომლებსაც უნდა ვაღებდეთ.
გზები მზისაკენ გაგვყავს ორმთი...
თან შემორჩენილ სუნთქვას ვახშრებთ,
მაგრამ იმედის არცერთ ჰორმონთან,
არავითარი არ გვაქვს კავშირი.

ეს ქვის სახლია, სადაც ხაფანგებს,
ტომრებს, ბადეებს ჩვენთვის კერავენ
და ყვირილისგან სულს რომ ვღაფავდეთ,
ვერ გადავწვდებით ალბათ ვერავის.
ვეღარ გავაძრენთ ქვაში სიმართლეს,
თითქმის წვეთები მოგვრჩა სისხლიდან,
თითქმის ჩამწვარი მზის და სინათლის,
სულისშებერვა იმედს ვისხლიტავთ.

მოაქვს მხოლოდღა სუნი ნახშირის
ნიავს, რომელიც აღწევს მდელოდან
და გადარჩენის ყოველ მცდელობას,
გვითავდაყირებს ჩანასახშივე..
ვაქრობთ ოთახში შუქს და ნაცადი
გზებით, თითქოსდა ვაღწევთ საწადელს,
ვგავართ ხეების მუდმივ წვალებას,
გადაყვითლებას თუ გამწვანებას.

დგანან ჩვენ შორის ქვები, ტიხრები,
მაგრამ ფრჩხილებით ვფხაჭნით ნალესებს,
და გამოხვრეტილ მხარეს ვიხრებით,
რომ ერთმანეთს შევძლოთ ალერსი.
ვწვდებით... ვეხებით... მაგრამ იცოდე,
ვიდრე შორიდან რამეს მახლიდე,
ჩვენ, საკუთარი გრძნობის თაღლითებს,
თვალდახუჭულიც ამოგვიცნობენ,
ამოგვწურავენ და რაც ვუთხარით,
რაც ვეკამათეთ უფალს სამადლოდ,
შეგვახსსენებენ და მოგვკითხავენ
სამართლიანად თუ უსამართლოდ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი