ზამთარი ზაფხულში


მგონი დაზამთრდა...
თოვაა, თოვა,
თეთრი დასტური ცივი ამინდის,
ფიფქის წახნაგის
და ფიფქის ოვალს
შორის,
გამჭოლი, თეთრი გზა მიდის,
სადღაც უძღვება თოვლის ფიტულებს,
მე კი თვალებით, გეძებ მეგობარს,
ამხელა თოვლში, პოვნას მირთულებს
ნაფეხურების არარსებობა.

თოვს!
არსაიდან არ წყდება თოვა,
ფანჯრის რაფიდან წვეთავს ყინული
და მცირე შანსსაც,რომ შენთან მოვალ,
ეს ნაადრევი თოვლი მინულებს.
აივნებს ათოვს, ათოვს ეზოებს,
და ბურუსიან თოვას, ხველებით,
მე გადავყავარ ზამთრის სეზონში,
გზებით, მინდვრებით
და მთიბველებით.

თიბავენ - მოთოვს,
თიბავენ - მოთოვს,
არ უთმობს თოვლი
თივას მთიბველებს,
ირგვლივ ყველაფერს,
ბალახს თუ ფოთოლს,
ასდის ნაცნობი სუნი სიბერის,
თოვს უცნაურად,
თოვს თითო თითოდ,
თოვს ნაწილ ნაწილ,
მსგავსად წვეთოვნის,
თოვს და მთიბველებს
არ ახსოვთ თვითონ,
რომ თიბათვისას
ასე ეთოვოს..
თოვს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი