გურამ ჯახუტაშვილი - ფოტო

გურამ ჯახუტაშვილი

პოეტი, მთარგმნელი

მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა ..

მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა,
საბედისწეროდ გამწვავებულ შემოდგომაში,
ფესვისწვერებით აიარეს აღმართი ტყისკენ
შეუჩერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩიტებიანად,
რამაც დამწვარი ბალახების და ტყის პირების
გულებში, რწმენის ალბათობა განაპირობა..

უბრუნდებოდნენ უხუცესი ხეები ტყეებს,
აუწონავი სიმსუბუქით და მღელვარებით
და უმძიმესი შემოდგომის მიუხედავად,
მაინც კბილებით იმაგრებდნენ ტოტებზე ფოთლებს,
რომ მთელი ძალით ეშრიალათ გულში ბუნების,
აღსანიშნავად გადარჩენის და დაბრუნების.