0 355

შემოდგომის გარეთ


ნუღარ ეცდები 
დამაჯერო რომელიმე დროის არსებობაში.
ერთ ცხოვრებაში წარსული, აწმყო და მომავალი - ვერ თავსდება,
ამიტომ მიყვარხარ, იქიდან, საიდანაც არ მახსოვხარ - იქამდე, 
როცა შეუძლებელია გადაყვარება.

მე მგზავრი მერქვა - რაც მოძრაობას გულისხმობდა,
მაგრამ ვიდექი, ანუ ვითმენდი..
ასე ვფარავდი უძრაობის კილომეტრებს...
როგორი გულის ამოვარდნა სცოდნია ადგილზე დგომას..
მოთმინების კილომეტრები მთელი ცხოვრების გასავლელზე მეტი აღმოჩნდა.

დიდხანს მეგონა,
გავიზრდებოდი და ხეებს 
არათუ ხერხისგან ან ცულისგან - შემოდგომისგან დავიცავდი.
მაგრამ ვერაფრით შევასრულე დანაპირები - ხეები მოჭრეს.

მაშინ პირველად შევესწარი გაოცებულ შემოდგომას,
რომელიც არათუ იმას ვეღარ მიხვდა, რა გაეყვითლებინა,
გამწარებული უმტკიცებდა ირონიულად მომღიმარ ბავშვებს - დავდექიო.
და დღემდე, ფუნქციადაკარგულს, მარტოობა რომ არ ვაგრძნობინო,
გაყვითლობანას ვეთამაშები,
მხოლოდ ხანდახან თუ გავაპარებ თვალებს ზეცისკენ,
რომ დავაკვირდე ბეღურების ექსპედიციას.

ხელებგაშლილი ვცდილობ, 
ტოტის მაგივრობა გავუწიო ჩიტებს,
რომლებიც საპატიო მიზეზის გამო, 
სულ უფრო იშვიათად მოდიან ჩვენთან,
ამ დროს კი საფრთხობელას რომ არ დავემსგავსო, ვიღიმები.
სანამ ნამდვილი საფრთხობელები ტბასთან სხედან და თევზაობენ.
კომენტარები (0)