გურამ ჯახუტაშვილი - ფოტო

გურამ ჯახუტაშვილი

პოეტი, მთარგმნელი

ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც ..

ადამიანებზე, ქარზე საუბარი  ოდესღაც,
იცვლება დუმილით . ქარები რჩებიან ფონადვე,
მწიფდება სიჩუმე. სიჩუმის ხმები და გროტესკი,
გახსენებს ყველაფერს - ნაჩხუბარს, ნაომარს, მონათმენს..

ირგვლივ აზიაა, თითისწვერებია ციკლონის.
მთვარე იქით იყოს, რა გადააგორებს ნამთვარევს,
როცა ამიკრძალეს  ვინმე რეალურად ვიგლოვო,
როცა  მომთაბარე სინოპტიკოსებმა - გამთვალეს..

ზეცა მესიზმრება - მისი უნებლიე პიგმენტი.
რთული არაფერი, ვხედავ დახუჭული მზერითაც,
ვიდრე მაჯებზე და ვიდრე ხელისგულზე ვიკბენდე,
ტალღის ინერცია ბოთლსაც მომიტანს და წერილსაც.

სულ რომ სხვანაირად იგრძნო, განგიმარტონ, მოგესმას -
იმედს ცოდნა უნდა!  -  უიმედობას კი  - კადრება,
წერილს? - რა აზრი აქვს ბოთლში ვინ ჩააგდებს  - ოდესმე
კუთვილ სიკვდილივით მაინც ჩაგბარდება - ადრესატს.