ბარათი მეგობარს

‎"ძმათა საფლავზე ვიყავ პარასკევს,
სადაც ისვენებს მოღლილი ჯარი,
აი, გწერ მკვდართა ნალაპარაკევს:
დავკეცეთ დროშა, გავტეხეთ ჯვარი.
ბაგრატიონი და ფეიქრები,
არ მინდა ერი სხვა ერს მიებას,
დახეულ ქუდად მოდის ფიქრები,
ოცნება საზღვრავს უსაზღვროებას.
ძმაო, არ მინდა, შენც დამაობლო,
ჩემი ლექსები სხვის კარზე ჰქროდეს,
თუ პოეზიას არ აქვს სამშობლო,
პოეტს სამშობლო ხომ უნდა ჰქონდეს?
და დღეს არ ვიცი, თუ რომელ ალაგს
ამოვა ისევ დილა-აისი,
დღეს გორგასალის სატახტო ქალაქს
მხოლოდ სახელი შერჩა თავისი".