0 2102

ქალი მსახიობი


ჰოდა, აი, ერთ მაგალითს მეც მოგითხრობ, გამიგონე -
ერთი ქალი გავიცანი, მსახიობი ანტიგონე!
შემიყვარდა! შევუყვარდი! ამას თითქმის ყველა გრძნობდა, -
...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
მას შევწირე ყოველივე, ყოველივე, რაც მებადა,
ის დავბადე მე ჩემს ლექსში, ლექსიც მისგან დამებადა,
მე ვმღეროდი შოთას ჰანგებს, ის კი ჩანგზე ხმას აწყობდა, -
...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
ო, მან ჩემი სიყვარული, უმტვერო და ფრთახასხასა,
ვერ განჭვრიტა დინჯის თვალით, ვერ ახსნა და დააფასა;
მან მომპარა ყოველივე, რაც ჩემს ლხენას შეადგენდა,
მომპარა და ეხლა, ეხლა? დარჩა მხოლოდ ეს ლეგენდა:
მაგონდება - ვსეირნობდი ერთხელ ბაღჩის ლარნაკ ტანზე,
შემოიჭრა ამ დროს იგი, შემომიკრა ლარნაკ ტანზე,
თან ამბობდა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე
და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე! ძლივს გიპოვე!"
ტიკტიკებდა, მეხვეოდა, ზვიადობდა, მღამიობდა, -
...მაგრამ თურმე მსახიობი, ცხოვრებაშიც მსახიობდა.
და, შემთხვევით - მესამე დღეს - მეც ვეწვიე ჩვენს თეატრსა,
თამაშობდნენ ერთ პიესას ცნობილსა და ნაინატრსა,
და, რომ ლექსით დამეოკა აშლილობა ჩემი ნერვის -
მე სცენაზე ვერ ვამჩნევდი მსახიობთა გარდა ვერვის.
ამ დროს - ღმერთო, - შემოიჭრა ჩემი სატრფო და ამ ქალმა
ჩაიხვია ვიღაც ვაჟი, ვაჟიც ხვევნით მიესალმა.
ქალმა უთხრა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე
და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე, ძლივს გიპოვე!.."
სთქვა და... სტქვა და ამ სიტყვებზე ჩამოეშვა ხელად ფარდა,
მოეწონათ მსახიობი, ყველა ერთხმად ახარხარდა;
მხოლოდ ერთი ამ ხარხარში ცრემლის ფრქვევით კვლავ ამბობდა:
- ეხ, მართლაც რომ მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
კომენტარები (0)