იოსებ ნონეშვილი - პოეტი

იოსებ ნონეშვილი - ფოტო

იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი დაიბადა 1920 წლის 6 აპრილს სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). პოეტის მამა ელიოზ ნონეშვილი ქიზიყელი კაცი გახლდათ. იოსების წინაპარს, პაპას – ილია ნონეშვილს ერეკლე მეორისგან მამაცობისთვის ხმალი ჰქონდა მიღებული, რაც მაშინ უმაღლესი ჯილდოს წარმოადგენდა.

იოსები 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იოსებ ნონეშვილი მეექვსე კლასში იყო, როცა დედამ თბილისში ჩამოიყვანა. იოსები ვერაზე გაიზარდა, ვაჟთა მე-18 სკოლაში (დღევანდელი 51-ე საჯარო სკოლა) სწავლობდა. მეცხრე კლასში დედაც დაკარგა. ამის შემდეგ მასწავლებლებმა ითავეს ბიჭის პატრონობა. ღამით სკოლის დარაჯის ჯიხურში ეძინა. მასწავლებლებს ე.წ. “ნონეშვილის სია” ჰქონიათ – ფულს უგროვებდნენ, როგორმე თავი რომ გაეტანა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვარო ვარდიაშვილმა იოსებს ყალბი ცნობა აუღო – ორი წლით ასაკი მოუმატა, რათა “კომუნისტის” რედაქციაში მუშად მიეღოთ… იოსებ ნონეშვილი თავის მემუარებში იხსენებდა – როცა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, გარეთ გამოსულ აბიტურიენტებს მშობლები ხვდებოდნენ, მას კი სკოლის მასწავლებლები ელოდნენ…