1 5473

შემოდგომა თბილისში


შემოდგომას სულ პირველად
რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს
გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.

მოვარდება კახეთიდან,
ვით ფეხმარდი მოამბე,
ღვინისა და ხილის სურნელს
თბილისშიაც მოაფენს.

შეჩერდება მოქალაქე,
მოსდის ელეთმელეთი.
იტყვის: ალბათ ღვინის სუნით
სუნთქავს მთელი ხმელეთი.

და მახლობელ ბაზრის კარებს
შეხსნის ფიქრით გართული,
რომ იხილოს თავის თვალით
შემოდგომა ქართული.

არიგებულ, ჩარიგებულ
დახლებსა და ყაფანზე
ყველა თავის შრომის ნაყოფს
და მოსავალს აფასებს.

შემოსულა შემოდგომის
დოვლათი და ბარაქა.
მოილხინოს, გაიხაროს
მთელმა თბილის-ქალაქმა.

ღვინის ზღვა და ხილის რიყე,
ხილთა ქება ნამდვილი...
ქარში უცხო ფრინველივით
მოფრიალე მანდილი.

ყაფანებთან ანათებენ,
ვით ვარსკვლავნი დარისა,
ქერა გოგო – პირიმზისა,
თეთრი – პირიმთვარისა.

მარცხნივ ბზინავს ფორთოხალი,
მარჯვნივ ვაშლის მთებია
და ტიკები, ლოთებივით
ბოძებს მიჰყუდებიან.

იქ კი, სადაც ყვითელ კომშებს
და ჩურჩხელებს ჰყიდიან,
ალაზნის პირს დახოცილი
დურაჯები ჰკიდია.

ჩემი ღვინო სხვას არ სჯობდეს,
მაშ, შემირცხვეს სახელი! ­
კარდენახულ ღვინოს აქებს
ბიჭი კარდენახელი.

იმერელი ცდილობს შენს გულს
ტკბილად დაეპატრონოს:
– ნუ იყიდი, მარტო გემო
ნახე, ჩემო ბატონო!

სულგუნს აქებს ზუგდიდელი,
წითელ ატამს – ატენი...
ირგვლივ ხილი,
შეძახილი,
ქების კორიანტელი.

შემოსულა შემოდგომის
დოვლათი და ბარაქა,
მოილხინოს, გაიხაროს
მთელმა თბილის-ქალაქმა.

შემოსულა შემოდგომა,
ქუჩებსა და მოედნებს
მოშრიალე ხის ფოთლები
ფრთოსნებივით მოედვნენ.

შემოდგომის ქარი ჰქრის თუ
გაზაფხულის დარია?
ლამაზები სეირნობენ,
განა მართლა ქარია?!

მარჯნის ფერი, ქარვის ფერი
ქარმა ერთად არია.
ეს კაბების შრიალია,
განა მართლა ქარია?!

მზეც ღრუბლების გალავანზე
ლაღად გადმომდგარია.
სიყვარულის სიმღერაა,
განა მართლა ქარია?!

შემოსულა შემოდგომა
დოვლათით და ბარაქით
და მასპინძლობს ხელგაშლილი
მთელი თბილის-ქალაქი.
კომენტარები (0)