0 4304

ლურჯი მონასტერი



მდუმარე ალვებში
ლურჯი მონასტერი
დგას გაუქმებული, ხავსიან კარებით.
ჩავუვლი მწუხრისას
და ცით მონაბერი
უცებ ჩამესმება გუგუნი ზარების.
თითქოს ცოცხლდებიან
ლანდები წარსულის,
სანთლების ციმციმით მოდიან შორიდან.
გაარღვევს სიბნელეს
და თეთრი ასული
მაცხოვრის ხატის წინ ყვავილებს მოიტანს,
და მესმის ზამბახთა
შრიალი საამო,
ეს უცხო ასული ცას შესთხოვს ვედრებით:
- მტერმა ვერ დახაროს
ქართველთა ალამი
სიმღერით დაბრუნდნენ გულლაღი მხედრები,
და მესმის ზამბახთა
შრიალი საამო,
ო, ეს ხმა გულს ნეტარ
ოცნებით აღანთებს.
იქნება ამდგარა თვით
მეფე თამარი
და საქართველოსთვის ტკბილ ლოცვას ღაღადებს …
იქნება მრისხანე
ბრძოლების გუგუნი
მის მყუდრო აკლდამის ბურუსშიც შევიდა,
სულმნათის თვალებმა
გაჰკვეთეს უკუნი
და ვარსკვლავებივით დაგვადგნენ ზევიდან,
მაღლდება,
ნათლდება ლურჯი მონასტერი,
იღება ალმასის სამმაგი კარები
და სივრცეს ედება
ზეცით მონაბერი
ღვთიურ გუგუნი შორეულ ზარების.

კომენტარები (1)

tea abazovi - 19.06.2016

kargia