0 2934

უსახელო ყვავილი


დაილოცა საქართველო
ზღვიდან სერით სერამდი.
ყვავილები, ყვავილები
თეთრი, ათასფერადი.
ვკრიფე, მაგრამ რა დაჰკრეფავს,
რა თითები ეყოფა …
ჰყოფილიყავ, წყება - წყება
გულზე დაგეყრებოდა.
კეკლუცებმა თითქმის მთელი
ველი შემომატარეს
ვკრიფე, ბევრი შენს ბაგეებს,
შენს თვალებსაც ვადარე …
მხოლოდ ერთი პაწაწინა,
ოქროსფერი ყვავილი,
ვით ჩუქურთმა, ოპიზარის
ხელით გამოყვანილი,
სულ შენ გგავდა, ნაირფერად
ველად ჰფენდა სინათლეს,
მოვინდომე მისი ცნობა
და სახელიც ვინატრე.
ვინ მეტყოდა? … საბაც ვსინჯე,
ქართულ სიტყვის თილისმა,
ვერც მან მითხრა, ვერც ყვავილმა,
ვერც ნიავმა დილისამ.
ვდუმდი … ჩემს წინ გაზაფხულის
შუქად ამოყვანილი,
ირხეოდა, ციმციმებდა
უსახელო ყვავილი.
… ბოლოს ასე პაწაწინას,
ბოლოს ასე უცოდველს,
დავაკონე ბაგე ფრთხილად
და “ ანუკი ” ვუწოდე.
კომენტარები (0)