მხოლოდ იმ ერთის..


პოეტს ყველაფრის,
პოეტს ყველაფრის,
ზეცამ ყველაფრის მისცა უფლება:
კრივში დანდობის,
      თასზე ხელ-აკვრის...
პოეტი - ფრენა და ჩამუხლება.
პოეტს ყველაფრის,
პოეტს ყველაფრის,
ზეცამ ყველაფრის მისცა უფლება:
ლოცვა ხელადის,
    კიცხვა კელაპტრის...
პოეტი -  ხოტბა და დაუბრება.
უფლება რისხვის, დაუზოგავის,
უფლება ხვევნის,
   შეშლილ ამბორის;
სამეფო ენის თუ კილოკავის,
აშკარა სიტყვის თუ მეტაფორის,
თმენის, ლოდინის,
დარდის, იმედის,
ცრემლის შიმშილის,
   ოქროს კალათის...
მხოლოდ იმ ერთის,
მხოლოდ იმ ერთის,
პოეტს უფლება არ აქვს ღალატის.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი