0 3194

რუსთაველის ნაკვალევზე


ნახე ეს ცა...
ამ არწივის წამოფრენა,
ამ ტყის ცეცხლი...
ჰორიზონტი მკრთალი...
არა, შორით
ამ სამყაროს წარმოდგენა
ჯერ არ ძალუძს
კაცს გონების თვალით.
წარმოიდგენ
თეირანის მტვრიან ბინდებს,
მაგრამ ვერა
ფენჯაბსა და ლაჰორს,
უნდა ნახო,
უნდა ერთხელ ჩამოფრინდე,
უნდა ნახო,
შენი თვალით ნახო.
ნახო ამ გზებს,
ჯერ უხილავს, ჯერ უხსოვარს,
რა მზე აჭერს ,
რა ბულბული უსტვენს...
ეს ქვეყანა
თვით გენიოსს, სწორუპოვარს,
არ იქნება,
არ ენახოს რუსთველს.
არ შეჰყროდეს
აქ ლხინსა თუ ომის გრიალს,
არ ეხილოს
ეს ბიბინი სერთა
არ ენახოს
„სმენად მხეცნი მოვიდიან“,
არ ეგემოს
„ ვა, სოფელოს“ სევდა.
და მეც დავალ,
ვინძლო მის კვალს ვინიშნებდე
ინდოეთის
გადაკარგულ გზებზე;
შვიდასი წლის,
შვიდიათას წვიმის შემდეგ
მის ნაფეხურს,
მის ნაკვალევს ვეძებ.
სად იარა,
სად უცქირა ცრემლთა ფრქვევას,
სად მიუსწრო
ძმას შეფიცულს ძმასთან?...
არაბეთის ზღვასთან იდგა?
მეც აქ ვდგავარ,
მეც აქ მოვალ,
არაბეთის ზღვასთან.
სად ჩამოჯდა,
სად გარინდდა,
სად შეჩერდა,
სად აღმოხდა
მშობელ ქვეყნის ჰანგი?
განგის პირას
მწირთა ლოცვას
თუ შესცქერდა-
მეც მათ შევცქერ,
აი, ჩემს წინ განგი.
თითქოს ვხედავ,
თითქოს მართლაც
ნათლად ვხედავ
ჩემს და ფერმრკლთალს,
ჯანმრთელსა და სულმრთელს...
არა, ეს გზა,
როგორც მგოსანს,
როგორც მხედარს,
არ იქნება,
არ ენახოს რუსთველს.
რა იშოვა,
რა წააგო, რა მოიგო,
რა დაკარგა,
ქვეყნად არვინ იცის,
მხოლოდ მესხეთს
უცხო განძად წამოიღო
სიყვარული
ინდოეთის მიწის.
რა ცაც წვავდა-
ვმღერი მეც იმ ვარსკვლავეთზე,
სადაც შედგა,
მეც იმ ზღურბლზე შევდექ...
ინდოეთში
რუსთაველის კვალს დავეძებ-
აღარც აქ ჩანს
შვიდასი წლის შემდეგ.
კომენტარები (0)