ირაკლი ჩარკვიანი - ფოტო

ირაკლი ჩარკვიანი

მუსიკოსი, პოეტი

ავტოპორტრეტი

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,
გამოცდილებას ყველა დროების,
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ, კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,
დროვ მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ,
ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური,
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში, თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშნ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას,
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.