ირაკლი ჩარკვიანი - ფოტო

ირაკლი ჩარკვიანი

მუსიკოსი, პოეტი

გაგოდარება

ნუთუ შენია,რასაც განიცდი?
ტერიტორია არ გაგაჩნია,
შენ ხარ ვინც ამჩნევს
და უნდა მიხვდე,
თუ სად იწყება ის,
რაც დასრულდა.
ბედნიერება აღარ გეკუთვნის,
რადგან არ იმჩნევ უბედურებას.
გული ნუ გწყდება,
დეკორაციებს ყოველდღე ცვლიან,
მოდის უზნეო დასაწყისი,
სიზმრებით სავსე
და არ ნახული
სისასტიკით გიმასპინძლდება.
წარმოდგენაში მირბიხარ,
რომელიც უშენოდ დადგეს,
ნახავ ყველაფერს,
რაც დაგავიწყდა,
კვლავ შეიყვარებ
კომუნიკაციას ანარეკლთან,
მოგზაურობის ვიტრინაში,რეკლამას
-მომავალი თვითმკვლელობით გაზავებულს,
საყვარელს,
რომელიც მიგატოვებს,
ისევ წაგიღებს საძულვილი
თავისუფლების,
და შეშლილ კოსმოსს
გადაუფრენ,როგორც კომეტა.
თითქოს უყვარხართ,
როცა იწყებენ ლაპარაკს,
რადგან ივნისში მარტოა მთვარე,
პლასმასის ჭაღივით კიდია ჭერზე
ყვითელი ტილო,დღევანდელობის.
უნდა ისწავლო
პურის დაგდება,
როცა დაძღები
ცოდნით და ხორცით.
შეშლილ ველასკესს
ნურაფერს ეტყი მილიტარიზმზე,
ჩვენთან წამოდი,
საყოველთაო არჩევნებზე სიამოვნების.
ისევ სიზმარი დაგაძალეს
მარადიული კატასტროფის
მოლოდინში,
სირცხვილის ზღვარზე,
როცა არ იცი,სად მთავრდება
შენი ლოგინი.
პატიოსნების დაკარგვის სიტკბო,
იქ თვრამეტ წლამდე კვლავ ირძალება
სმენა ხორცის და კითხვა მარქსის,
მასათა ღელვა უკუდინების შემთხვევაში,
პროპორციულია სისხლის,
რადგან ფილმში ხარ
და არ გიღებენ კარს.
უარს ნუ იტყვი
საკუთარ ქმარზე,
თუ არ მოგწყინდა,
გარდაუვალი კვირის ბოლოს,
უკანასკნელი ქალაქგარეთ გასეირნება.
კულტურულია შიში რევოლუციის,
მავზოლეუმის დერეფანში,
როცა მშვიდობის გამზირზე 
ცხოვრობ--
აღარ არსებობ.
მაოს ყვითელი ამაოებით,
დაგყურებს რუქა,
როგორც სარკმელი,
მაიაკოვსკიმ რომ გამოაღო.
და ერთი დუბლიც:
ჩინელი ქალი გაგიღებს კარებს,
შენ კი წაყვები,
როგორც კადრებს
მომავალ ფილმში,
სოციალიზმის განტოლების
ამოსახსნელად.
თავისუფლებამ
სხლერპლის ფასად
აზრი დაკარგა,
ნუ გეშინია,მარტო ყოფნის,
მაინც სხვების ხარ,
 და აღარ იმჩნევ,
როგორ მოგწყინდა განცდა,
შეშინებული მარტორქასავით,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
ანელებ სიკვდილს,
რომლის ლოდინში,
კიდევ ერთხელ გაგეღვიძება.
ომის-ღარიბებს სწამთ,
გამარჯვების უცხო სხეულზე,
ისევ ყველაფრის უფლება გაქვს,
როგორც ფილმში,
რომელსაც პირველად უყურებ.
გვამთა სიმრავლე -
უაზრო სიხარულს ბადებს 
საფოსტო ყუთში,
შენი სამოთხის.
ატალახებულ სოფლის გზაზე,
რომ მიატოვე და გაემგზავრე
მოსალოცი ბარათების შესაგროვებლად.
შენ აღარ იბრძვი,
მხოლოდ უყურებ,
როგორ ინგრევა შენი სახლი
ყოველდღიურად,
რადგან მსხერპლი ხარ,
მარადიული სისულელის
საკურთხეველთან.
კვლავ გაურბიხარ
იმას,რაც მოგდევს
და ვერ გეწევა.
ჩამქრალ დარბაზში,
როგორც საკუთარ თავში
ზიხარ და უხმოდ 
ელოდები გაგოდარებას.