არ დამიტირო


შენიდან მინდა სივრცის დაზვერვა 
და უკვდავების თაღის დანახვა, 
ჩემი თვალებით მე მას ვერ ვხედავ, 
მწველი მზის სხივის დანასიცხია, 
მერე სიკვდილი მინდა ძვირფასო, 
მაგ მკერდ ქვეშ მფეთქავ გულში დამრხვა, 
არ დამიტირო, რადგან სიკვდილი 
შენში, სიცოცხლის დასაწყისია. 

სარწყული სულის შენ ხარ და სისხლი 
შენი ვენების ტევრში შევწურე, 
ბადაგის სიტკბოს ბაგე გიმსგავსე, 
არა, უფრორე თაფლის გოლეულს, 
ღირხარ ამად და წამიც უშენოდ 
მესიკვდილება ძლიერ, მერწმუნე 
შენში დამარხვა ახლა შველაა, 
სხვა შველა არ მაქვს შენგან მორეულს. 

ქალ, გაფურჩქნულხარ, როგორც სამზეოს 
გაეფურჩქნება ვარდის კოკობი, 
ე, მაგ მშვენების ბრალია მარტო, 
ჩემში, რომ სუნთქვაც დანავიწყია, 
ამ ერთ ცხოვრებას შენ შემოგწირავ, 
ჩაგემარხები გულში, ბოლოს კი 
არ დამიტირო, რადგან დამარხვა 
შენში, სიცოცხლის დასაწყისია. 
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი