დაცემამდე აღარც შორია


განა არ არის ფუჭი, როცა სიკვდილს მსხვერპლს წირავ?
ეგრეა ხორცი ნერონული, უშურს სულობა!
ახვავებს დღეებს ღამისეულს, მერე მხნედ სძინავს...
მესმის ეს არის კაცობრივი უსუსურობა

და უზნეობის აპოლოგი მეფე კომონი,
სევეროსული აღტკინების მთელი პლეადა,
გულდაგლეჯილი გალაქტიკის ბურჯი-ბომონი,
აღმოსავლური ემოციის ძირი-ელადა...

დასჯა და ცეცხლში გახვეული უშვერი რომი...
თვით ტრაიანეს გახევებამ შეძრა პიუსი.
გაჩაღდა ღმერთის წინააღმდეგ თვითმკვლელი ომი,
მოედო მიწას განდევნილი აზრის ვირუსი

და დასცა ზღვარი უსაზღვრობამ, გმირთა არშია
შეამკო ძვლების სამკაულით. კვლავ ადრიანე...
მონური ხედვა სისასტიკემ ისე გაშია,
რომ სისუსტეებს მოეჭიდე და აგვიანე

ხმის ამოღება! დაცემამდე აღარც შორია...
არ მესმის შენი დღეს ჟამობავ, რით ხარ ქებული?
შენი სხეული ზიზღნარევი ყოფის მძორია,
საშველი ბორგვით სიკვდილზეა მინარცხებული...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი