ლუციფერ!


გაქვავებული დგომა შენი ამაოდ მზირალ
სამყაროს ხავსის წაკიდებას პირდება და შენ
ღრმა ფიქრებს, სადღაც, ნაქაოსებ ჯურღმულში ძირავ
და ჯურღმულს შენით სრულიად და ნებითად ავსებ.

ნასიზმრევს ცხადში ურევ, თითქოს ამითი ღვიძილ
წართმეულ თვლემას უპირადებ ფშვინვიერ განცდებს,
არ იცი რატომ, ან რომელი ყოფნისთვის იბრძვი,
საოცრად გინდა, რომ სამყაროც შენეულ აცდეს

სიცხადეს, მაგრამ ვერ გაურბი ვერაფრით ნაძრწოლ
ტკივილებს ღამის, ალიონის ტუსაღი გქვია,
სხვაგვარ არ გსურს და არ მგონია წამიერ გაძლო
უაგონიოდ, შესწორება აწია გვიან

იმის, რაც ერთხელ გაშეცდომდა და ასე მტკივან
ადგილებს ირწყლავ სხვათ დაღუპვით. შენეულ გვალვას
გავცდები ალბათ, უმირაჟო ადგილას მივალ
და სამყაროში ღმერთიანი ფრაზებით დავლას

დავიწყებ, რომ მაგ ამაოდ და ქანდაკად მზირალ
თვალებს სამყარო ავარიდო. უძლური ხარ შენ,
რადგან ღრმა ფიქრებს ნაქაოსებ ჯურღმულში ძირავ
და ჯურღმულს შენით სრულიად და ნებითად ავსებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი