ტრაგედია


* * *
იქნებ მაპატიო... ბრალში დედამიწის არის სოციუმი,
არ მიგატოვებდი, მაგრამ გულღრძოობა მათი მანდატია.
გვერდით არ დამიდგა, როცა მჭირდებოდა, კაცი ხორცილი,
მიწამ შემიჯავრა, ჩამომებინდა და, შვილო, ცამ დამტია.

იქნებ მაპატიო... მშობლებს სიამაყე სისხლ–ძარღვს უხურებდა,
და–ძმამ, თავჩაქინდრულ სირაქლემასავით, თავი ამარიდა,
მაშინ ამ ყველაფერს, მთელი სამეზობლო ღიმით უყურებდა,
მათი ამბოხება, ლანძღვა–გინებითი, საზღვარს გადავიდა.

იქნებ მაპატიო... მთხოვეს მოშორება, მთხოვეს შენი, მაგრამ
გულთან ისე ახლოს, ისე მჭიდროდ მყავდი, მოკვლა ვერ გავბედე,
თავი შემაზიზღა, თავი შემაძულა იმ წუთს სულის დაღლამ,
ეს შენც იგრძენი და შენი პაწაწინა მხარით ცოტ წამგვერდე.

იქნებ მაპატიო... აცახცახებული გადავსაფეხურდი
ჩემი დგომიდან და სულ სხვა შეჭირვების ალღო მოვიხდინე,
შვილო დამიჯერე, მთელი დედამიწის ტანჯვის ღამეს ვუდრი,
ერთხელ შემხედე და მხოლოდ ერთი წუთით გულით მომისმინე,

ცრემლი ტკივილს რწყავდა, ასე გრძელდებოდა, ვიდრე შენ იტირე,
ვწუხვარ, მიგატოვე, უკვე ქალი ხარ და მაინც ვერ მოვედი,
დაგთმე იძულებით, სხვა გზა არ მქონდა და ვერც რა შევიბირე...
მე გთხოვ მაპატიო, გულით მეწერება, ვწერ და მეცოდები.


* * *
რაღა პატიება?! გვერდს არ მოგიკარებ, არ მსურს შენთან დგომა,
არ მსურს შენი ხმა და არ მსურს შენი ხელი, დელგმულ წარსულს უდრი,
ზეცამ დაწყევლოს და ღმერთმა შეაჩვენოს ა, ეს შემოდგომა,
ახლა უფრო მეტად ამატკივილე და უფრო დავუძლურდი.

რაღა პატიება?! მეც ხომ ქალი ვარ და შვილი გამოვზარდე.
როგორ მივატოვო, როგორ დავამადლო, თუნდაც კარაჭინი,
ანდა, როგორ ვცემო ცხოვრებისეული ყოფის გაროზგვამდე,
როგორ გავუმრავლო, ისეც შეჭირვებულს, მითხარ, გასაჭირი?!

მთელი მოგონება მხოლოდ ცრემლია და ლოდინს შევეზარდე,
დედა კი არა და, ვიღაც დეიდები მყავდა მესაწოლე,
წერილს დავყურებ და ვხვდები ახლა უფრო მეტად შემეზარე,
მე არ გაპატიებ! ვწუხვარ, რომ განცდები ჩემი ვერ აწონე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი