საიქიო ფოსტიდან


გემახსოვრება, რა დღეშიც და რა დღესაც გნახე,
გემახსოვრება, ასეთი დღე სუ ყველას ახსოვს,
გაფითრებული სიკვდილივით დამქონდა სახე,
არ მოგეკარე, არ მოგიშვი ჩემთანაც ახლოს.

შენ გაბუტული, უმორცხვესი კრძალვით და რიდით
იდექი სულთან სულით ახლოს და ახლოს ცრემლით,
რა დამავიწყებს იმ რიცხვს, იმ თვეს, აგვისტოს შვიდი
კარს ამტვრევდა და მოვარდნილი ჩრდილოდან ცხენით

შფოთი და სისხლის ნაკადული ჩვენს სივრცეს კვეთდა,
კვეთდა და თვლემდა სიმხდალეში ბევრი და კაცმა
რაც უნდა შეძლო, საკუთარი სხეულის კვეთი
სამშობლოს მისცე უნდა, ანუ იტვირთო ჯვარცმა.

გემახსოვრება, მეშინოდა და შიშის შედეგს
კანკალით გგვრიდი თვალებიდან და თვალებს მიღმა
აკაკნკალებულ სინამდვილეს იპყრობდა შედგმულ
მწვერვალზე ფეხის დამრეცისკენ წასული სიღრმე

და მე გითხარი, ახლა იქ ვარ, საც უნდა ვიდგე,
გითხარი და სულს შემოხვიე სიმშვიდე ერთგან,
რადგანაც სიტყვა, ანუ შენი ქალური სიყრმე,
ერთ მიყვარხარში ამოსთქვი და გაგზავნე ღმერთთან.

გასაოცარი დღეებიდან რაც მახსოვს შენ ხარ
და შენი სუნთქვის სიხშირეა, ყურთან რაც მესმის,
ანუ ცოცხალი შენში ვარ და შენს არსზე შემხმარ
ჩემს არსს ყოველთვის ბოლო სიტყვის სიწრფელეს ვასმენ.

დანარჩენი კი, ბოდვაა და საკრალურ ამბებს
ყოველთვის ისე ინახავენ, როგორც განძს, როგორც
ტკივილს და სირცხვილს, ჰოდა ჩემი არსება აგერ,
შენ შეინახე, ოღონდ გული, სულითვის მორგი

არ გამიხადო, არ გაცივდე გრძნობით და გლოვა
არაფერია, როცა ასე ღმერთისკენ წასულს
გეუბნებიან, რომ ოდესღაც შენი ხსნაც მოვა,
თავისუფლების მესალიკე შეგარჩენს წარსულს.

გემახსოვრები, რაც ვიყავი ძვირფასო გუშინ
ისევ ისა ვარ, ისევ შენი ოცნების სიყრმე,
ანუ შენითვე დამიდია სახლი შენს გულში,
გულს მოუფრთხილდი, თორემ ცხედარს მოუვლის ვინმე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი