დაღონდა, ანუ ნაღვლობდა და ხშირად ვუსმენდი ..

დაღონდა, ანუ ნაღვლობდა და ხშირად ვუსმენდი,
ვუწევდი ხმას და ხმადაბალი როცა მაღლობდა
ხმას დავუწევდი, მერე მზის ქვეშ აკვანს ვურწევდი,
ვუწვენდი ფეხქვეშ მზის ბილიკებს. მაინც სახლობდა

არმაგედონში, ბოლო სხივში ბოლო აკორდით.
დაკორტნილ გულით ამიტეხა როცა დებოში
მე და საჩემო სტიქიები იქით გავრბოდით,
ვარგოდით სადაც, ანუ მაინც ტაძრის ეზოში.

უმძიმდა მერე უჩემობა, იყო ნაწყენი,
ნაწყვეტი ფირის, რაც იხილა ჩემში უწინ და
მაშინ, ჩემგანვე ქონდა რადგან გადასაწერი
საკუთარში და უჩემობაც ასე უჭირდა,

მომიხმო ისევ, მოხმობილი კვლავაც ვუსმენდი
და აღარ იყო კაცი მასში, უწინ რომ იყო,
აღარც დარდობდა და მეც მაღლა ხმას არ ვუწევდი,
რადგან ტკივილით ვერაფერი ვეღარ მომითხრო.