გადმოწერა: PDF

ასეთ დროს სიტყვა უმიზეზოდ ბაგეს არ ცდება ..

ასეთ დროს სიტყვა უმიზეზოდ ბაგეს არ ცდება,
არც ენა არ ქმნის არაფრისგან სიტყვას ასეთ დროს,
გული სკივრია, შეინახე ჩემი არსება,
რადგან შენს იქით ვერ იპოვა სხვა საარსებო,

სხვა სინამდვილე, იდეალი, რაც შენში ჰპოვა.
სხვაგან ბოდვაა, უსივრცოა ყველა ნამცეცი,
იგი გაურბის მთელი ძალით კაცთაგან ყოველს,
რომ აირიდოს განსაცდელი, ან უარესი.

მე ასეთი ვარ, დავიბადე სექტემბრის ხვატში,
არ ვბაძავ თითქმის არავის და თავს თავში ვუხმობ,
მაქვს ჯანყი გულში, სიმტკიცე მაქვს ჯანყიან ხმაში
და რაც არ მომწონს სხვაში, ჩემში არ მომწონს უფრო.

მინდა სულ ყველა ჯებირის და ჩარჩოს დამსხვრევა
და მერე შეკვრა სიყვარულის ყველა ნამსხვრევით,
რომ შეინახო სიყვარულით ჩემი არსება
და შეიყვარო გულითა და მთელი არსებით.