მე, რომ ვამბობდი ..

მე, რომ ვამბობდი, არ ამბობო სწორად, მითხარი,
ახლა დგახარ და შენვე ამბობ იგივეს სწორად,
განა მას ვამბობ, რომ ჩემგან ხარ განსაკითხავი,
არა, უბრალოდ დროის მცირე სხვაობას ვზომავ

და მიგანიშნებ, რომ წუთით ვარ, ან დღით, ან თვით ვარ
შენზე უფროსი და აზრისგან სწრაფად ვშობ შენზე
სწორსა და მართალ საქმესა, თუ საქმემდე სიტყვას,
რომელიც არც თუ იშვიათად ბრძენია ბრძენზე.

და თუ ვსაუბრობ უცნაურად შენთვის და გამხელ,
რომ ჯერ ვერ ხვდები, რომ ასაკით მცირე ხარ ჩემზე,
ნუ მძრახავ, მოდი, ამ აზრისგან მოკლული ნახე
ჩემი ნერვი და ჩემი გული - დინების მწყემსი.

ე, იმ დინების, რომელიც შობს სიტყვას და საქმეს,
რომელიც ებრძვის საკუთარში მანკიერ ნიღაბს,
ნიღაბს, რომელიც ღვთაებრივს და კაცობრივს ართმევს
კაცს და სიკვდილის უნიათო ადათში მიყავს.

მე გირჩევ, ყოველ განთიადში ეძებე ბრძენი
და ყოველ მიმწუხრს დაებადე სხვადასხვა კონქებს,
რომ ეს მცირედი გამოხტომა - ცხოვრების წლები,
გექცეს სიცოცხლედ და არასდროს, არასდროს მოკვდე.