თითქოს ბავშვობას მაშორებდეს სანტიმეტრები ..

თითქოს ბავშვობას მაშორებდეს სანტიმეტრები,
თითქოს იქ ვიდგე, სად პირველად ჩავჭიდე თითებს.
ძმებო და დებო, ეს არ არის სენტიმენტები,
უბრალოდ ვდგავარ თქვენს წინაშე, ბავშვობას ვიწყებ.

ვიწყებ და გეტყვით, რომ იქ იყო ლხინიც და ჭირიც,
და ეპიზოდად სულ პირველი მახსენებს მის თავს,
ოთხი წლის ბავშვი ცამეტი წლის სისხლდა ხორცს ვჭრიდი
თვალებით, ჩემს წინ კუბოში, რომ იწვა და მითხრა,

რომ ეს პირველი განცდა იყო ტკივილის. მახსოვს
პირველი მკვდარი, რომ აღიქვა გონებამ ჩემმა,
განა უაზროდ ვტლიკინებ და რაღაცას ვმახსრობ,
მახსოვს და რა ვქნა, მახსოვრობას ტკივილიც რჩება.

ტკივილით ვიწყებ გახსენებას ბავშვობის. მესმის
არ არის კარგი. კარგი ახლაც არ რჩება აწმყოს,
ცუდებს უმართლებს, კარგებს ტყვიას ტყვიაზე ესვრის
ცხოვრება, თავის ბანქოს ჩეხავს და ასე აწყობს.

ძმებო და დებო, ეს არ არის სენტიმენტები,
უბრალოდ ვდგავარ თქვენს წინაშე, ბავშვობას ვიწყებ
და მახსენდება, ძალზედ თბილი, დედის ხელები,
ატირებულს და მუხლსისხლიანს გულზე, რომ მიწვენს.

მახსოვს პირველი სათამაშო, პირველი ძღვენი,
მამის სიცოცხლით სავსე მზერა, მზერაზე უფრო,
მახსოვს ხელები დაკოჟრილი და მისი ცრემლი,
სიხარულისგან, რომ წამოსკდა სხვაგვარ და უცხოდ.

დებო და ძმებო, ორი თვალი, თვალივით სუფთა
ძმები მყავს. ჰო და ვთამაშობდით ქვიშაში სამნი..
შოკოლადები არასოდეს არ გვქონდა მუქთად,
ვიმსახურებდით, ასე ვთვლიდით, გვიყვარდა თავი.

პირველ პაემანს, პირველ გოგოს, ან უფრო ბარბის,
ქეთი, რომ ერქვა, შევუშინდი და მახსოვს მწარედ
როგორ ჩაგვკეტეს პატარებმა, არ იყო არვინ
ჩვენს გარდა იქ და ვერ გავბედე, სირცხვილი ვჭამე,

ვერშევხარბთვალდი, ანუ თვალი თვალ მიღმა დარჩა,
დავხარე თავი, და პირველი ქალისგან მოვტყდი,
გამოვიდოდა იმ ძვირფასი გრძნობისგან არც რა,
გაგეცინებათ, მაგრამ მაინც არ იყო პონტი.

ვდგავარ თქვენს წინ და ძმებს გიწოდებთ, დებსა და გულებს,
რადგან ბავშვური, თუ რამ შემრჩა გულია მხოლოდ,
რა გავიხსენო ამის მეტი, რა გითხრათ, თორემ
სალაპარაკო იმდენი მაქვს ბოლოსდაბოლოს...

თითქოს ბავშვბას მაშორებდეს სანტიმეტრები,
მაგრამ გზა მისკენ მიმავალი ვერა და ვერ ჩანს.
დებო და ძმებო, ეს არ იყო სენტიმენტები,
თქვენს წინ ვიდექი და ბავშვობას გითხრობდით ჩემსას.