გადმოწერა: PDF

ან რა უნდა ვთქვა? ..

ან რა უნდა ვთქვა? ან რა ვუთხრა? მაინც არ ესმის.
მე მიმითითოს, თუ ბეცი ვარ, ვინმემ სახალხოდ.
ყველამ თავისი გადმოგიგდოთ რადგან ანკესი,
თქვენც ყლაპავთ კაუჭს, რომ ის ჭია დაუხახანოთ,

რომელიც ერთი დიდი საქმის მსუყეა კერძი.
და თუ საქმეა, სიტყვაც არის იქვე ჭირიმე,
მე არ ვარ, ალბათ, ამ ანკესზე გათვლილი თევზი,
სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს და ვერ დამიჭირეს,

სწორედ ამიტომ ვერ გამიხსნეს ხელით ლაყუჩი,
ვერ ჩამიგუბეს პირში წყალი, ვერ დამადუმეს.
ნერვის მტილებით მომესივნენ, გადასაკბეჩი
ხელები გავსო მითხრეს, მერე მათფერ ხანუმებს

მოუხმეს. განა სიზმარს ვყვები, ანდაც საზღაპრედ
დამისახია ეს ამბავი? რა დავიჩემო?
ცოტას ვჭკვიანობ, არ დაეცეს დედას თავზარი
და მამის გზიდან სხვის გზაზე არ გადავიჩეხო.

ვსაზღვრავ რა იმას, რომ ყოველი ცრუა არსება
და ყველა არსში სატყუილე ბუდობს ამბოხი,
ამ საცოდავი არსებებით არ დამარცხდება
ჩემში კაცი და იმას ვიტყვი, რასაც ვამბობდი.