ვერაფერს გეტყვი უფრო რთულს და უფრო ტრაგიკულს ..

ვერაფერს გეტყვი უფრო რთულს და უფრო ტრაგიკულს,
ვერაფერს მოგწერ სასიკეთოს, თუ სახარებელს,
ვეძებ დაფლულს და ვეძებ მოკლულს, ვეძებ გარიყულს,
ვშლი ტანჯვის წიგნს და ვშლი ნუგეშის ოთხ სახარებას.

რა გამახარებს, გასახარი, თუ ხდება რამე?
ღამე ჩაგვიდგა სასოების თავდებად წყვეტის,
ან ვის ანაღვლებს, თუ ვინ არის თეთრი და შავი?
დანაშაული თავისთავად, თუ უნდა წყვეტდეს

ვინ გაიყოლოს, ვინ მიიკრას მხარზე და გუდის
მსგავსად თავისას წაიმეწყროს. რა უნდა გითხრა?
ყველა დაღუპულს, ჯერ ვერ ნაპოვნს, როდესაც უცდის
მშობელი, ცოლი, შვილი, ქმარი და ყველა მითქმა-

მოთქმა ქალაქში, სულელური ხუმრობის მსგავსი,
თუ მსგავსი გლოვის, ჯერ ვერ მოკლულ ცხოველებს შიფრავს,
როდესაც ასე დაეკარგა სიცოცხლეს ფასი,
ადამიანის, ისევ კაცის თვალში და სიტყვას

ვერ დაურწმუნებ ხეპრე ჭკუის ავტორთა გორას.
ვერაფერს გეტყვი უფრო რთულს და უფრო ტრაგიკულს,
როცა ლაქლაქა უუნარო მტყუან-მართალს ჭორავს,
მდუმარე დუმს და ეძებს მოკლულს, დაფლულს, გარიყულს.