ო, როგორ არ ჰგავს..

ო, როგორ არ ჰგავს
ღამის ენა სადაგი დღისას,
სხვა არის ღამით
სიტყვის წონა,
სხვაა სურნელი...
ბნელში ხიდან ჩამოვარდნილი
ვაშლიც სხვაგვარად
აკრთობს სიჩუმეს,
გულის ყურთან
სხვანაირად შრიალებს მიწა...
ჩვენ ისე ვკვდებით,
არამცთუ ღამის,
ახლომდგომის
სუნთქვაც არ გვესმის,
მხოლოდ ბავშვებმა იციან რაღაც,
შეურყვნელი გულით იციან
და ღამის ზღურბლზე გვთხოვენ ზღაპრებს,
გულუბრყვილო ძილისპირულებს...
იმედს გვთხოვენ
სულის საზრდელად...