განდობა

კახა გველესიანისადმი

გასივდა გული! ფიფქივით ლამის
გაწყალდა ყველა სიტყვა ნუგეშის!
მოდი, გავჯიქდეთ, ვინატროთ რამე,
როგორც იმ ერთხელ — სიჭაბუკეში!

მოდი, ჩავუთქვათ წმინდა წყლის ჩქამებს,
წრფელი ცისკრები და მიმწუხრები,
ყველა ღობესთან მიდგმული სკამი,
რაღაც ძვირფასი და ხელუხლები...

გადაფარული ბილიკით ხვართქლის
და გაბაწრული მაყვლის ფესვებით,
იქნებ გადმოდგეს ქონგურზე ქართლი
და მოგვაგებოს უკეთესები,

იქნებ მზირ კოშკებს, ნაქარს და ნაწვიმს,
განგაშის ცეცხლის ახსოვთ ალაგი,
თორემ საქვეყნოდ — ყოველთა თვალწინ
იხრწნება მძორი დიდი ქალაქის...

ამ სულის ხუთვას სიკვდილი მიჯობს!
ჩიტი კი წივის, წივის უბეში...
მოდი, ავჯანყდეთ, გულო და ნიჭო,
და... ლამაზები ჩავწვეთ კუბოში!