ჯანსუღ ჩარკვიანი - ფოტო

ჯანსუღ ჩარკვიანი

პოეტი, მწერალი

მოვიდნენ ბრძოლით წოდებულნი ..

მოვიდნენ ბრძოლით წოდებულნი
ლაშად, თამარად,
ხოლო დაღლილნი
გზას გაუდგნენ
ლაშა, თამარი...
ვაშა მზეს!
აღმო აღმომავალს,
მაგრამ ჩამავალს _
ვერ შეედრება
ჩამავალ მზეს
აღმომავალი...
მთავარი მაინც მამული არის!

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენს მწვერვალებს
ჩვენს შორის ვინმემ გადაუფრინა,
ვერ დავიჯერებ, იყოს მძლევარი,
იყოს მძლევარი, გარდა უფლისა.
ახლა ვინ არის ასე მცთომარე,
ასე მცოდველი და მჩემებელი.
მოდის თამარის სავსე მთოვარე,
მე უნდა მისი დავრჩე მხლებელი.
ვერ დავიჯერებ, რომ შენს მთაწმინდას
არ ჰქონდეს მაინც კაცის ნაკვლევი...
მაშ, რაც წყვდიადში უცებ გაბრწყინდა,
სწორედ ის არის შენი სამკელი.
სწორედ ის არის შენი ნალხენი
და თუ მძლევარი ფეხდაფეხ მოგდევს,
იქ უნდა ჰპოვო შენი სახელი,
ბოლოს და ბოლოს იქ უნდა მოკვდე.
და თუ გიმტყუნებს თვალი ტიალი,
და თუ გიმტყუნებს მთვარე თამარის,
მთავარი მაინც მამული არის,
განსაცვიფრებლად არის მთავარი.