კარლო კაჭარავა - ფოტო

კარლო კაჭარავა

პოეტი, მხატვარი

ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ..

ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.
ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს:
ავტომატს ან თურქულ შარვალს.
მისი ყველა მხილება ცუდადშემჩნეულია, როგორც კედლის მიღმა ორსული ქალის ხველება.
მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი,
რომლებზეც სიზმრებს არ ნახულობენ,
რომლებზეც არ ისვენებენ ქალის ფეხებს შორის,
რომლებზეც ვერ ტირიან,
რომლებზეც ნახულობენ ცუდ ტელესიზმრებს.
ე. ინგოროყვა კითხულობს "ბაადურ მაინჰოგის" ქრონიკას
და ეძახის ენდი უორჰოლს ან ჟან მიშელ ბასკიას.
ან ეძახის პურის რიგში მდგომთა შვილების კერპებს:
სტალონეს, ვან ბასტენს და კიმ ბესინჯერს,
რომელთა სურათებიც ამკობენ პურის რიგში მდგომთა შვილების კედლებს,
სახელმძღვანელოებს, ინტიმურ დღიურებს და სიზმრებს
ცივ და უტრანსპორტო ქალაქში.