კარლო კაჭარავა - ფოტო

კარლო კაჭარავა

პოეტი, მხატვარი

სტუდია ..

შენ თქვი - დრო გაჩერდა, სადღაც მანქანიდან გადმომავალი,
მერე ისევ უკან, ბოთლებისკენ მიბრუნებული,
თან როცა ძველ კედლის საათს იხსენებს
და უსმენს შეკითხვას სხვისას - სხვისადმი:
იმ დროის შესახებ, რომელიც გაჩერებული ეჩვენება
ჩანთის ასაღებად დახრილს და წინ ხელგაწვდილს,
ხელის გაშლამდე.
და უკვე მანქანიდან გადმოსვლის წინ
ვითომ მშვიდს ან თითქოს ნამძინარევს,
როცა თავი ჯერ ისევ საწოლში ჰგონია
და თან ხედავს:
ჯერ ისევ მანქანიდან გადმოდის -
ვიღაც მის გვერდით უკვე წინ წავიდა -
თუმცა, რატომ უწინ, უბრალოდ, სხვაგან, სხვისკენ,
სხვისი სახლისა და შიშისკენ.
ქვიშის ქარხანა მარმელადის ვარსკვლავებით
საკვამური მილის თავზე -
ისე, როგორც მაშინ, ძველი, ჟანგიანი აივნიდან -
ტუალეტში გაკრული კოსმეტიკის რეკლამებიდან
და ქალის წინდის რეკლამიდან
და სამზარეულოში ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებზე -
ნატურმორტი არასოდეს არსებული,
რადგან ძალიან სხვაგან იყო
და როცა იშვიათი სიგარეტის მოწევის უფლებას იპარავდა
და შორს ნისლში იყურებოდა და იმავ დროს გზაზე, ქარხნისკენ _
იმ კინოთეატრზე ფიქრობდა, რომელშიც დასთან ერთად რაღაც
ამერიკული კომედია ნახა
და უფრო ადრე ბოთლების ჩაბარებაზე და გაოფლიანებულ
ხელისგულებზე წერდა
სათეატრო სტუდიისათვის სკოლაში,
ბავშვთა სათეატრო სტუდიისათვის, რომელისაც ასე ეშინოდა -
მაგრამ რატომ დადიოდნენ ყველანი იმ სტუდიაში?