ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა ..


ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.
აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავს
და გავროშივით იცმევს,
მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს და სიყვარულს
აკეთებს.
აი ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდ
დათოვლილი სტრაგინო მოჩანს.
აი "ტვინ-პიკსი", "MTV", "სნიკერსი" და
"სტიმოროლი".
ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაც
თხზავ, როცა მეტროდან ამოსული
სიგარეტს უკიდებ
და დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებს
ათვალიერებ...

P. S. არავინ არაფერი არ იცის... ახალი მითი?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი