შენიდან ჩემამდე


„ვაი, წახდომილს, დიდებულს პალატს, მსწრაფლად დამხობილს,
შვების სიხარულს, ტრფობით შეტკბობილს, ეტლს დაბრუნებულს“
- თეკლე ბატონიშვილი


შენიდან ჩემამდე
მთელი საუკუნე უხმოდ მიიწურა მოკლე ნაბიჯებით.
უბრალო ჩვევამდე დავიდა ამბოხი.
სისხლი მიყივის და შენს ბილიკს მთავაზობს
გზა,
სადაც არასდროს ვაკეთებ დანაზოგს.
გზა,
სადაც საზღაურს არ ვითხოვ არასდროს.
გზა,
სადაც ვიცი, რომ ბოლოს დავისჯები.
და როგორც ყოველთვის შეთქმული ვჩერდები
შენიდან ჩემამდე...
დაგმანულ დარაბებს
კვლავაც დაძარღვული სიტყვებით გავარღვევ
იმ ზეცის ფერამდე.
მთელი იმპერია აღსდგა და დაეცა
შენსავით ვიგრძენი:
სისხლი,
ჩამეკირა მე შენი სიძველით.
სისხლი,
ჩვენ ორს შორის წარსულის მეარღნე.
სისხლი,
გამხდომია შენსავით ცისფერი
და მანამ პატიმარს ამ ხელებს შემახებს
შენიდან ჩემამდე დაჭრილი მანძილი,
უბრალოდ, მომენდე-
ჩვენ ვგავართ ერთმანეთს!
და ვიტყვი ხმამაღლა:
რომ არ მაქვს ზოდებით ნაშენი სასახლე,
რომ არ მაქვს ტკივილი არავის სამადლო,
რომ არ მაქვს სამკვიდრო,
უბრალოდ გპირდები,
რომ ამ იმპერიას ჩვენ ერთად დავამხობთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი