გამოსვლა


“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”

წაიღე ჩემი თავი. დათვალე,
წუთში რამდენჯერ რეკენ ზარები
ქვესკნელში, სადაც ალქაჯები იბადებიან.
წაიღე ჩემი თავი. შეხედე,
წუთში რამდენჯერ აღარ თენდება
მზის პირველ სხივს რომ ირეკლავენ ჩემი თვალები.
წაიღე ჩემი თავი. მოტყუვდი,
რომ ყვავილები ამ ბაგეზე შხამიანია
და მანამ ბოლო ამოსუნთქვა
არ გამალურჯებს-
ნუ შემეხები.
წაიღე ჩემი თავი. მისმინე,
თუ ამ ტკივილებს ვეღარ გავუძლებ
პირში სიზმარიც რომ ჩავიგუბო_
მუნჯი ვარ მაინც.
წყალს გაყოლილი სიზმრები კი
აღარ ცხადდება.
წაიღე ჩემი თავი. მიხსენი
ცოცხლადყოფნისგან
მკვდარი უფრო რომ შემიყვარო.
რაა ტკივილი, ისიც ჩუმი, ანდა უფერო,
რომ ვერ გაუძლო,
აკანკალდე ვერხვის ხესავით
ჩაშლილ პაემანს
მტვრად რომ აყრის
ნოემბერს. ყვითელს.
მძიმეამეთქი -
გაგაფრთხილე,
მძიმე და ცხელი.
მაშ, შეისვენე,
ზღვა ასვი და
მიწა აჭამე.
თუ კიდევ ითხოვს
გამოიღე ყველა სისხლძარღვი
შენი ტანიდან გამოიძრე-
გამოიტანე.
ყველა კედლიდან გამოვიდე
იქნებ ოდესმე.
ყველა სიზმრიდან გამოვიდე
იქნებ ოდესმე.
ყველა ღამიდან გამოვიდე იქნებ ოდესმე-
რომ შეგიყვარო.
შენი ხელები ღამით თვითონ მხდიდნენ ტკივილებს.
ვიხსნიდე თვალებს, ყურებს, ტუჩებს
სამკაულივით
ამოთხრილ ღილებს დაგკიდებდე
ალუბლებივით-
არ მომეკარო.
გარეთ სიჩუმე ლოცულობდეს ხელაპყრობილი
და გზას, რომელიც გავიარე ანდა გავივლი
ერქვას მანძილი-
ვერ დაამოკლებ.
შენ თქვი, რომ მუხლებს ვეღარა ვხრი, რათა ვილოცო...
შენ თქვი, რომ მუხლებს ვეღარა ვგრძნობ, ისე აცივდა.
ვინ გამისწორებს მე სიარულს
ან ვინ მასწავლის-
როგორ ვიცხოვრო.
გემძიმა არა?! ვეღარ მიგაქვს
მხარს კოკასავით ვერ შემოიდგი
ჩაიმუხლე და
გაგივარდა.
ჰოდა, ამიტომ ზედ გაიარე...
ქუსლით დასრისე, ქუჩა-ქუჩა გადაასწორე,
ფეხით მოსინჯე, ხომ არ დარჩა სადმე კვალი და
წითელი თმები შემოდგომას გადააფინე
და თუ ერთხელაც, შენ ტორტმანით
გზას გაიკვალავ,
ვერხვის ხესავით გადააყრი
მტვრად ჩვენს პაემანს
ნოემბერს ყვითელს,
შენ თავს დაკარგავ-
ანუ მიბრუნებ.
ყველა კედლიდან გამოვიდე
იქნებ ოდესმე.
ყველა სიზმრიდან გამოვიდე
იქნებ ოდესმე.
ყველა დროიდან გამოვიდე იქნებ ოდესმე ...
რომ დაგიბრუნო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი