სულელო, გიღებავ


იქ თუ არასდროს არ იყო ღამე. 
არც ჩვენ ვიყავით. 
შენ კი გჯეროდა, 
როცა წამწამის დახრილ ჩეროდან 
თვალი ცრემლებით გამოვიბანე 
და ქარაშოტად გაშლილ დალალებს- 
ქვეშ მონატრება შემოვილალე. 
რომ იყო ღამე. 
რომ ჩვენ ვიყავით 
რომ მე გითხარი: 

-ხელები მათხოვე... 
მათხოვე ხელები. 
მწველია მზეები, რომლებსაც ვატარებ. 
დამასკდა ვენები-მზის წნულის სხივები. 
გამიტყდა დამცავი ცისფერი სათვალე. 
ლანგარზე დაგიდე სამყაროს სიჭრელე. 
ახლა დამიჯერე, 
ოღონდ დამიჯერე... 
მანამ ხელისგულზე ჩამოწვა წყვდიადი 
ეს მზე გამომართვი... 

-სისულელეა გულახდილობა 
როცა ცხოვრება ასე ყალბია, 
როცა უბრალოდ დებენ პირობას 
ისიც, მხოლოდ და მხოლოდ სარფიანს. 
და თუ თამაში არ გინდა, 
მართლა... 
სწორედ ამიტომ ტოვებ ასპარეზს. 
ჩრდილად ქცეული სისუსტის განცდას 
მაინცდამაინც ნისლში აპარებ , 
მაშინ არასდროს არ გიცხოვრია 
ეს შენ გეგონა, რომ სულდგმულობდი. 
გულს ხან ავსებდი შენ უგულობით 
ხანაც სიმართლით. 
იქნებ სწორია 
როცა გარდერობს სწრაფად იახლებ. 
ანდა ვიტრინას 
კვლავ შორიახლოს უვლი გარშემო.
ყელში გაჩრილი სიკვდილი დაგაქვს 
ისიც, რატომღაც 

მხოლოდ საშენო... 

-მათხოვე ხელები
ამ წლების დეკადის 
ისეც გაუსაძლის სიმძიმეს გაგიყოფ,
ეს მხოლოდ ჩვევები იყო თუ ვდრიკავდი
მზის წნულებს
ან იქნებ არც იყო საჭირო,
თუკი, დრო ისედაც მაჭრიდა ნაწნავებს,
თუკი დღე ისედაც მასმევდა საწამლავს,

-ამ ნაფეხურებით ზეცისკენ წავედი, 
შენ კი კვლავ მიწაზე 
ისე რუდუნებით უვლიდი ყვავილებს. 

სიცოცხლე ვისწავლე… 

-და არასოდეს არ იყო ღამე 
შენ მხოლოდ ფიქრებმა.. 
წაგიღეს, ცხოვრება ისედაც შავია, 

სულელო, გიღებავ... 

-ხელები მათხოვე... მათხოვე ხელები 
თეთრი ღამეების პასაჟ- რუხჩრდილები 
ფურცელზე დავხატე.-ძველი ჩილიმიდან 
და წლები მოვწიე 
და სვენებ-სვენებით 
როგორც სევდიანი მუზების საცოლე 
ფოკუსს ხელისგულის განედზე ვასწორებ. 

-და შემოდგომის თალხი სიმწვანე 
ცოტაა ჩემთვის, 
სუნთქვა მთიდან რომ ჩამოგეტანა 
ხომ მომარჩენდი?!… 

-ხელები მათხოვე… 
ძნელია ძალიან შიშველი მზეების ხელებით ტარება 
შემოგეშველები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი