0 105

პერსონაჟი


ამ ქალებს,(რაღაც ერთი საუკუნის წინ 
ფერუმარილის ქვეშ ნაოჭებს რომ ვერ აჩენდნენ), 
იჯდა პოეტი, იყენებდა მხოლოდ საწიგნე 
ილუსტრაციად, შავ კონტურად, რომ საჩვენებელ, 
მისთვის გამართულ საღამოზე გადაეწერათ 
ლექსი მკითხველებს, ავტორებს თუ ცრუ მომხსენებლებს. 

შენ, დღეის შემდეგ არც გაბედო გამეორება 
ამ წლების, თუნდაც უსახელო დღეების შემდეგ. 

ამ ქალებს, ერთი ღამის პეპლებს, უკვე დაჩრჩილულ 
ვერშენახული სამოსების გალერეიდან, 
სახის ფერები მაკიაჟით რომ წაიჩრდილეს 
და სტრიქონებში მელანიც კი ვერ გაუვიდათ, 
ვინ გაიხსენებს შუაღამის მელან-აჩრდილებს, 
რომ გადიან და შემოდიან ღია კარიდან. 

ორიდან ერთმა უნდა შევძლოთ გულსგარეთ დგომა. 
მე გეუბნები: ვდგავართ ორნი. ვტყუით ორივე. 

ამ ქალებს, უფრო რელიქვიებს, გულსაკიდებში 
ფოტოსურათად ჩაშენებულ ციხის გალავნებს, 
მხარზე ეპოქა ხურჯინივით შემოაკიდეს 
და მზერას მათსას სიპის ქვები შემოულაგეს, 
გასულა დრო და გამომშრალა მზისგან აკიდო 
სიტყვა კი გდია, იმ ქვებივით დროის ალაგზე. 

ორიდან ერთმა უნდა შევძლოთ თვალების დათხრა 
და გეუბნები: ვსხედვართ ორნი, ვხედავთ ორივე. 

ამ ქალებს, უკვე მოწყენილებს, კუთხეში დგომით 
სადაც წერტილი უკვე დასვეს. თქვეს, რომ დამთავრდა. 
სადაც ეძებენ რეალური ფიქრები სანგარს 
და წყალი წყდება უფრო ახლოს სათავეებთან- 
ხელებს იბანენ ავადმყოფი ფიქრები, მაგრამ 
წევს ჰორიზონტზე სიუჟეტის გაშავთეთრება. 

თვალიდან ხელი მომაცილე, იქ უნდა დავრჩე 
სადაც არც ერთ თვალს უწყლოობა არ ემუქრება. 

ამ ქალებს, სულაც წარმოსახვებს, დროის კერპებში 
ცოცხლადქვადქცეულ ობელისკებს, მაგიერ ხორცის 
თხელი ქაღალდის პერგამენტი შემოაკერეს 
და უკვდავებაც დააჯერეს იმ სიცოცხლეში, 
სადაც კალმის წვერს რომ აწობენ, მერე სარკიდან 
ძირსმზერადახრილ მოგონებებს შეისახლებენ. 

ჰო, დღეის შემდეგ არც გაბედო გამეორება 
სიტყვების, წლების, უსახელო დღეების.თუნდაც... 

ამ ქალებს, უფრო ილუზიებს, სიზმრის ნარჩენებს 
სათქმელ თუ ნათქვამ აბზაცებად დაწყობილ სიტყვებს, 
სიცოცხლე ძველი საქმროსავით გადააჩვიეს 
და სუნთქვას მათსას სველ მაჯაზე ეპოქა იხვევს 
იმ გზების გასწვრივ - სადაც დგანან ჩვეულებრივად 
კედელთან ორნი- ერთი ცხოვრობს. მეორე იწერს. 

ორიდან ერთმა უნდა შევძლოთ თვალების დათხრა 
და გეუბნები: ვსხედვართ ორნი, ვხედავთ ორივე. 

ამ კაცებს,რაღაც ერთი საუკუნის წინ 
თვალების ჩრდილქვეშ რომ იდგნენ და ფერებს არჩევდნენ 
მე ვზივარ ახლა და ვიყენებ მხოლოდ საწიგნე 
ილუსტრაციად. შავ კონტურად, რომ საჩვენებელ 
ჩემთვის გამართულ საღამოზე გადაუწეროთ 
ნათქვამი ლექსად- მკითხველს. ანდა თვით მომხსენებელს.
კომენტარები (0)