0 0 56
მეკვლე
ისევ პალიტრა...
პერმანენტულ ღამის ვოიაჟს
სხვაგან არ ვიცი-
პლეხანოვმა თეთრი ჩააცვა-
კაბა ფანტელის-
ისე ვიწროდ შემომდგომია
ტანზე სითეთრეს ვიხორცებ
და...
ისე თამამად
ვიხედები სარკე-ასფალტში
ქუჩას აჟრჟოლებს
უცაბედი შეგრძნებებისგან...
გზა- ამ კუთხიდან
შენს სახლამდე ისე შორია,
გამოვანგრიოთ ეს ქუჩები
მინდა ამაღამ....
წელს,
როგორც შარშან-
მოსახვევთან ისევ მოყინა.
წელს,
როგორც შარშან-
ჩაკეტავენ ალბათ ალაყაფს.
წელს,
როგორც შარშან-
გეტკინება ჩემი სიშორე
ვერ მომიშორებ...
რადგან უკვე ყველგან გავჟონე
სადაც სისხლია...
აჰა, საათიც
მესამოცედ გასულს გაარტყა.
სხვაგან არ ვიცი-
შენთან ვიცი-მეკვლედ მელიან.
სხვაგან არ ვიცი-
პლეხანოვმა თეთრი ჩააცვა
კაბა- პალიტრა
პერმანენტულ ღამის ვოიაჟს.
წელს,
როგორც შარშან
მიცურდება ფეხი ყინულზე-
კაბა ფანტელის
ისე ვიწროდ შემომდგომია.