სამღებრო დაიკეტა ..

სამღებრო დაიკეტა... 
ქალი მარჩიელობს სიცოცხლის ხაზსა და 
ტალან-ბილიკებზე. 
ვუყურებ, რა ხანია, 
ფერდაცლილ ქალაქში 
ჩუმად როგორ იხსნის ცხოვრება სახვევებს... 
ნასამხრებს... 
ქუჩაში მტვერია ისეთი- 
თითებში ქვიშებად მეფშვნება რითმები. 
ზის ქარი ფეხმორთხმით 
და მზერა- ასკეტით 
დაგეგმილ მგზავრობას ძაფზე მითამაშებს... 
სამნი ჰორიზონტზე... 
მე- გამოქვაბული, 
სახეზე ნაოჭთა ასხმული არქივით. 
გოდების კედელთან გახდილი სული და 
შიშველი ტერფებით სიცოცხლის ტრაპეზი... 
ლაზარე- 
ჯერ კიდევ შავ-ბნელ აკლდამაში 
და მწუხრის ლოცვაზე დახრილი თვალები. 
რამდენ ხანს ვეძებდი ამ ხმაში ნაპრალებს 
და ზიარებამდე ვქვავდები კლდესავით. 
დავრჩებით- 
სიცოცხლე დარაჯად გაგვიხდის 
წავალთ და... 
შევხვდებით გზაწვრილზე მწვერვალებს?! 
მე- გამოქვაბული, 
შენ- ლოდი კარებთან 
სულში გაქვს გაყრილი საყურე ლოდინის. 
ჩალმით შემოსილი მცნებებით 
გადაშლილ 
ყურანთან მიდიხარ, 
იწყებ მსახურებას. 
შენი მსახურების დღე არის პარასკევს... 
მე ვნების კვირა მაქვს 
ტკივილს ვმშობიარობ, 
ძირები ვუმტვრიე გონწასულ ნირვანას 
მესამე ის არის, 
ფერდაცლილ ქალაქში 
ქარი მარჩიელობს 
წასვლას თუ არწასვლას... 
სამნი ჰორიზონტზე- 
სამღებროდაკეტილ ქალაქის ჭიშკართან 
ვალაგებთ ზურგჩანთას. 
ბინდდება ნეპალში 
ბუდისტურ ტაძართან 
მარცვლავენ არყოფნას, როგორც კრიალოსანს. 
სადღაც, გასაყართან 
ფეხშიშველ პატარას, 
დამხრჩვალი ღიმილი 
აკვდება ტუჩებზე: 
არ დარჩეთ! 
არ დარჩეთ! 
გადარჩით და წადით! 
გადარჩით და წადით... 

სამღებრო დაიკეტა. 
ქალი მარჩიელობს სიცოცხლის ხაზსა და 
ტალან-ბილიკებზე...