უსიტყვოდ


განმბანე მამაო,
გამხადე სულიდან ცოდვები,
გშორდები დღითითღე, რაც უფრო მოკლეა მანძილი.
საძილე ტომრიდან ახლად წამომჯდარი დღესავით
მზეს სარზე ვაგებ და ზეცამდე ლექსებით გაზრდილი
დაზვარულ მიწაზე, მაინც უნაყოფოდ ვაგდივარ,
სანგარი ახლოა თუმცა კი სულ უფრო შორსა ვარ.
განმბანე მამაო,შენს კართან მოვედი მოვედი დაღლილი
და ხელისგულიდან გლახაკებს ვურიგებ მოსავალს.

დღე იძვრის წამიწამ,
გამიცვდა ფერები კაბაზე,
ბაქანზე პალიტრის დაღვრილი გუაში ასხია.
ვასხივე უმზეო ეპოქის დახშული კარიბჭე,
ვამიწე წარსული და მაინც ვერ შევწვდი განთიადს.
გაფინეთ სამყარო ხალიჩად! მინდა რომ წამოვწვე
ნაწვიმარ ქუჩებზე გავშალო შავ—თეთრი კადრები,
ნაცრეცი სიჩუმე იგონებს აკორდებს. საწოლზე
დროის ევფონიას მიზეზის ძიებით ვაკვდები. 

განმბანე მამაო,
ვინ იცის რამდენჯერ ღამეში,
უშენო სანთელები დავანთე არეულ სიზმრებად.
მჭირდება ხელები ლოცვისთვის, როდესაც გალეშილს
ტკივილით ნამთვრალებს, სულში გვიმრასავით მეზრდება
წაბარბაცებული რწმენა და ვმარტოობ ზეცამდე
ვუხარე თავი ხან ხატებს ხან კიდევ პილატეს
დუმილის უფლებას ვიტოვებ და მაინც ვეცადე
რომ ამ ჩემს დუმილში 
უსიტყვოდ, 
თვალებით მიყვარდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი