დუბლი


დაგვრჩა რამ?! მაინც დარჩენისთვის მედღეხვალიე 
ეს სიყვარული, დუმილს გვირღვევს რომ არ დავმუნჯდეთ. 
დაგრჩა კი ძალა,რომ უბრალოდ ხელი მომხვიო 
გადასასვლელზე გადავიდეთ სწორი ნაბიჯით 
მომავლისაკენ, გამიზნულად, იქნებ უმიზნოდ 
მეტად ქარიან ან პირიქით მშვიდ, წყნარ ამინდში 
გამოიტირო ყველა წუთი. იქნებ უსიზმრო 
იყო ძილი და არ მინდოდა შორს რომ გამეშვი. 
ალილუია!... იდგა ღმერთი სადღაც ჩვენს შორის, 
სადღაც ჩვენს შორის იდგა ღმერთი, გაბმულ ბაწარზე 
გადადიოდა ზურგზე ტვირთით ჩვენ რომ დავშალეთ 
შავ-თეთრ კადრებად გავამჟღავნეთ და ნაწვიმარზე- 
ალილუია!... იდგა დილა ჩვენ-ჩვენს მწვერვალზე 
ჩვენც ხომ ვიდექით, ზურგშექცევით ერთმანეთისგან. 
ზურგიდან უფრო ადვილია 
ქაჩვა ნაწნავის. 
ბინის შენებაც 
დატეხილი ასანთებით და 
ვისაც ეღირსა მარტოობა- მან იმარტოვოს. 
ვისაც ეღირსა შემოდგომა- იმას ახსოვდეს, 
ჩვენს შორის სივრცე რამდენს უდრის დეცს თუ სანტიმეტრს, 
ქუჩიდან, რამდენ გრძნობას ვკარგავთ ჩვენ-ჩვენს სახლამდე. 
ღილების ბაღში აწყვეტა და ქარი ხელმრუდე. 
გოგრის თესლების ტაფამწვარი- საკმაზით მლაშე. 
სიტყვის სასულეს გადაცდენა-ერთხელ გახვიდე 
გზააბნეული ფრაზიდან და ვერაფრით გაშრე. 
გამცვდარ ღიმილზე- თაბაშირის სქელი გრიმასი. 
ალილუაია!...სიბნელეა. ის ლოცვა გახსოვს?! 
ზურგებით დგომა შემდგომის თავსხმა წვიმაში 
და დუბლი ერთი. მერამდენედ. შორით და ახლოს. 

-ამ წელს სიყვარულს ვერ დაგიბრუნებ, 
ნაკიანია. 
ერთხელაც მივხვდი, საბავშვო ზღაპრებს 
გადარჩენისთვის ვწერთ, ჩვენ, დიდები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი