ნუ გეშინია ..


ნუ გეშინია,
ყველა კართან მივა სიკვდილი.


გაზაფხულია. მარტის თვეა და ზუსტი რიცხვი
არ მახსოვს. თქვეს რომ დაიხარა რვა სანტიმეტრით
ეს დედამიწა. ეს კი ნიშნავს ალბათ გარიცხეს
მზის სისტემიდან უსაშველო სენტიმენტებით
სავსე გლობუსი.
ორიანი ყოფაქცევაში.
სხვა შეფასებას ის უბრალოდ არ იმსახურებს.

ყველა გზასა და გზაზე ყველა ნასახლარს სმენა!
ყველა ველსა და სოფლებსა და ქალაქებს სმენა!
ყველა პატარძალს საკურთხეველს აყვანილს სმენა!
ყველა გმირსა თუ გმირობისთვის დაღუპულს სმენა
და
სწორება მარცხნისა-
კენ, გაიხედე ფანჯარაში, აქედან უფრო
იოლი არის გაშლა მზერის, როგორც ფეხების
შემოლაგება ამ მიწაზე რომელზეც ვდგავართ
სიმსივნესავით ვიზრდებით და შიგ ვიფესვებით.
ჯარისკაცები სწორდებიან მარჯვნიდან მარცხნივ,
სინოპტიკოსი ვერ აკეთებს ამინდის პროგნოზს.
აღარ გჭირდება მაკიაჟი
არც ტუჩის საცხი.
მიწა დაიძრა. დავიძარით სულიდან. პრომო-
აქციებს ვმართავთ
დასაცავად საკუთარ თავის,
ზევით ქირქილებს უკვე ვიღაც:
-ჰმ, სატირა.
მოხარშეთ ფაფა, აარჩიეთ მწიფე თავთავი.
კრინტი არ დაძრათ
ჩუმადაც კი
არ დამიტიროთ.
გიცხადებთ, ომში დაკარგულებს ნუღარ მოძებნით.
გიცხადებთ, შვილებს ნუ დაარქმევთ იმათ სახელებს.
გიცხადებთ, აღარ გაიხსენოთ თქვენი საძვალე
ზურგი აქციეთ ან უბრალოდ გადაიხარეთ
იქითკენ, სადაც გადარჩენა არის ერთისთვის
ერთი ამპულა სიძულვილით სავსე “მაბტერა”,
იყო ამბავი-ჩვენ რომელიც გამოვიგონეთ,
დარჩა- გვამებზე აღდგომა და კვამლის დამტვერვა.

ყველა გზასა და გზაზე ყველა ნასახლარს სმენა!
ყველა ველსა და სოფლებსა და ქალაქებს სმენა!
ყველა პატარძალს სამრეკლოზე აყვანილს სმენა!
ყველა გმირსა თუ გმირობისთვის დაღუპულს სმენა
და
სწორება მარცხნისა-
კენ.

გაზაფხულია. მარტის თვეა და ზუსტი რიცხვი
არ მახსოვს. თუმცა რა აზრი აქვს მახსოვდეს ან ის
რაც უკვე იყო. ან ის რაც დარჩა. აცივდა. დაცხა.
კლიმატკონტროლი ვერ გაკეთდა. თუ გადაივსო
სენტიმენტებით გავსებული დიდი გლობუსი.
ორიანი ყოფაქცევაში.
სხვა შეფასებას ჩვენ უბრალოდ არ ვიმსახურებთ.
გვძინავს-
ვივსებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი