0 164

ჩემთან თოვს..


„ღმერთო დიდებულო, მამულის ანგელოზო, 
ლერწი გვიმრავლე და გაგვიხარე“. 

გათოვდა...
ხის სახლში, ალბათ, ცხელ ღუმელთან
ჯვრებდასმულ ლობიანს დააცხობს ბებია.
თბილისში ისევ ვიფარებ საბანს
მარტოობის და
მიუსაფრობის...
იქ ჩიტის აზვრამდე მაკვრიელს ელიან
კერის მოსალოცად...
და სულის ზედაშე
ისეთი სუფთაა... 
რომ შესმა გინდება:
რიონის,
რომელიც მიაპობს ნაპირებს
(მთებში მოცურავე ქალთევზა ნისლებით)
დავთვრები ხელდახელ.
შეშა შეუკეთეთ -
ცეცხლი შეუკვეთეთ -
ჩემივე თვალების ქვესკნელი მაშინებს.
ლექსად ჩამოვასხი ამ წლების ზედაშე
და მამისონამდე გავზომე...
(არშინი).
და თუ ჩამოვედი
ქალაქით გადაღლილს,
სულში ნაოჭებს რომ ჭიშკართან დავითვლი,
უბრალოდ მითხარი:
- ხომ იცი გელიან,
ყოველთვის გელიან -
ქვე შენი ჭირიმე...

ქალაქი ახლა იფარებს საბანს
მარტოობის და მიუსაფრობის.
გათოვდა...
მოტივად - ბედობაც მეყოფა
საბაბად - პირველი ფანტელის ჩამოყრა...
დასარეკად და ამის სათქმელად:
- ჩემთან თოვს....
კომენტარები (0)