წამოდი, შუა ომში დავსხდეთ ..


წამოდი, შუა ომში დავსხდეთ და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ.
რა მნიშვნელობა აქვს ვინ იბრძვის, რატომ.
რა მნიშვნელობა აქვს ჩვენია ეს ომი, თუ არა.
რა მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთში ვმარცხდებით,
თუ საყოველთაო უძრაობაში გამარჯვებულები
მშვიდობას საკუთარი თავების გასამართლებლად ვიგონებთ.
წამოდი, გაგანია ომში მშვიდობა მოვიგონოთ და ქაფქაფა ჩაი დავხვრიპოთ.
ჩამოიარონ თავზარდაცემულმა ქალებმა და ზიზღით ჩამოგვხედონ.
ჩამოიარონ ანგაჟირებულმა ახალგაზრდებმა და
ავტომატები მოხრილ ზურგებზე გაგვიხახუნონ.
ჩამოიარონ ანაფორიანებმა და ჯვარი არ გადაგვსახონ.
ჩამოიარონ ჰალტუხიანებმა და ხურდა ჩაის ფინჯანში ჩაგვიყარონ.
წამოდი, ტყვიებს მოვუსმინოთ.
მე - ცარიელი მასრებისგან მძივებს გავაკეთებ.
შენ - გვამების ტამტამებს შემოჰკარი და თავი დახარე.
მე - შენს გარშემო ვიცეკვებ და ჩაის ფინჯანში მზეს გავაჩენ.
შენ - თავი მაღლა აწიე და სახიდან 
ჩემი დამწვარი კაბის ნაფლეთები კანიანად გაიცალე.
მე - ფეხებს დანაღმულ მიწაში ჩავრგავ.
შენ - ფეხები დამბანე და ნაღმებს სიცოცხლე დაუბრუნე.
მე - საშოდან დაუბადებელ შვილებს გამოვაძვრენ და მაზუთში ამოვავლებ.
შენ - საპოხივით გადამისვი ტანზე შიში და ჩვენი მაზუთიანი შვილები გადაყლაპე.
ჩამოიარონ თავზარდაცემულმა ქალებმა და მოგვაწყევლონ.
ჩამოიარონ ანგაჟირებულმა ახალგაზრდებმა და გვესროლონ.
ჩამოიარონ ჰალტუხიანმა კაცებმა და მიწა გამოგვაცალონ.
ჩამოიარონ ანაფორიანებმა და ზურგი გვაქციონ.
წამოდი, ჩვენს ომში წავიდეთ.
შუაგულ ომში წავიდეთ და ლიმონიანი ჩაი დავხვრიპოთ.
რადგან ომში სხვანაირი სიყვარულია
და სიყვარული უფრო დანებებაა, ვიდრე გამარჯვება.
რადგან სიკეთე ხშირად ორგულია
და ორი გული მეტობას კი არა, ნაკლებობას ნიშნავს.
რადგან მრევლი ხშირად ტყუის,
და საკუთარი სიმართლე მხრებზე შემოდგმული კუბოსავით მოაქვს.
რადგან პროცესია აბსურდია
და ყველა აბსურდი ერთხელაც ყველაზე დიდი სიმართლე გახდება.
რადგან ყველა ომი ტყუილია
და ადამიანებს საკუთარი არსებობის დამტკიცება 
არსებულის უარყოფით სჭირდებათ.
რადგან ძალადობა სისუსტეა
და ნებისმიერი სისუსტე უკვე სიძლიერის დამტკიცების პირობაა.
რადგან ძალიან იოლია,
ადამიანები არ მიიღო ისეთები, როგორებიც არიან
და ძალიან ძნელი 
საკუთარი თავი მათ სისუსტეში აღმოაჩინო.
წამოდი შუა ომში ჩამოვსხდეთ.
ფეხმორთხმულები დავსხდეთ და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ.
სადაც სიმართლე მხოლოდ ისაა,
რომ კაცობრიობას ნებისმიერი ომი
შიშის დასაძლევად და გმირების მოსაგონებლად სჭირდება,
სადაც მე და შენ,
ასე მშვიდად შეგვიძლია ცხოვრებას დავცინოთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი