მარცხენა ხელით დაწერილი ლექსი


როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ ამჩნევენ,
მე ვფიქრობ: დროა ერთმანეთის უკან ჩამოვდგეთ.
და რამდენიმე ხნის წინ, ეს როცა
შენი სხეული ტანზე მატყლის საბანივით შემოვიკეცე
და მლაშე ტბებში - შენს თვალებში
ორი ქაღალდის გემი გავუშვი,
როცა ხმელეთი ტანზე ისე შემოცოტავდა
ჩვენ ერთმანეთის წილი მიწა ხელით მოვნიშნეთ,
როცა გითხარი, უკვე დროა აღარ ვიომოთ,
რომ უკვე დროა.
მშვიდობაში უნდა დავბრუნდეთ.
ჰო, ზუსტად ამ დროს, უჩვეულოდ ცხელი შემოდგომა
ჩამოცვენილი ფოთლებივით მიაფრიალებდა ქუჩებს,
როგორც ჩემს ლექსში, შენამდე რომ შემომეწერა.
„წინსაფარივით ავიფარე გაზაფხული და
სადილში მაინც მომაკვდავი ფოთლები ცვივა“.
ციოდა ასე.
ჩვენ ვიდექით მშვიდობის მიღმა
და საკუთარი ხმელეთიდან გადმოვდიოდით.

უცხო ქალაქებს არ ირჩევენ.
ის შეიძლება შენს ქალაქშიც აღმოაჩინო.
გაიარო და ვეღარ ცნობდე ადამიანებს.
აი, ფეხებთან მიწევს სისხლში დამხრჩვალი ჩვილი.
აი, ქუჩებმა სამართალი გაიადვილეს.
და პურმა ჭამა სამართალი
და კაცმა თვალა
და ჭამა პურმა სამართალი
და სისხლმა პური
და სისხლი მიწამ მიიბარა
და იძრა მიწა
და მიწა იძრა.
ეს სისხლით სავსე სასმისია ჩემი სამშობლო.
ახლა მე და შენ ამ სისხლ-ღვინოს ბოლომდე დავცლით
გადავეხვევით ერთმანეთს და..
შენ მხარს ჩამომჭრი.
შენ მხარს ჩამომჭრი,
რადგან არ გაქვს მესამე მხარი
რადგან მესამე მხარე ხარ და
ვერ დაიხარე -
მე რომ დაგეყრდნო.
მე კი, მდუმარედ ჩავიყრი ნაცარს
დაშუშხულ პირში
და ენის წვერზე შევიტოვებ
სიყვარულში თუ რამ შემოგვრჩა.
თუ პოეტი ვარ
ჩემს ტექსტებში უნდა გადავრჩე.

აი, თვალებში ჯერაც კიდევ ცოცხალი კაცი
ტანს მზერის იქით მიახოხებს.
აი, ჰორიზონტს იქით ღამე თხელ ხალათს აცმევს
აი, ჩვენც გვჯერა,
რომ ნანგრევებს როგორც მიაღწევს
თავს დოლაბის ქვეშ გაიჭეჭყავს.
თვალსაწიერი რა ფართოა...
აი, მხოლოდ თვალის უპეა
მე რომ გემები შევაცურე საღამოს ზღვაში.
ახლა მე და შენ ამ ტყუილსაც ბოლომდე დავცლით,
გადავეხვევით ერთმანეთს და...
შენ მხარს მახვედრებ.
შენ მხარს მიბრუნებ შენსას,
რადგან გზა ვერ მოხარე.
რადგან ზედმეტი არ გაქვს მხარი -
არ გაქვს მესამე,
რადგან ორი გაქვს და ცარიელ სახელოს მალავ,
რომ პურმა ჭამოს სამართალი
რომ პური სისხლმა
რომ სისხლი მიწამ,
რომ ორივეს მიწა გვიცავდეს.
ზურგზე ფერადი ფანქრებივით მოვიგდე ტყე და
როგორც ქორი დავაფრინდი შემთხვევით სარჩოს
ვთქვი: პოეტი ვარ.
რაც უნდა მოხდეს
ჩემს ტექსტებში უნდა ვიცოცხლო.

როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ ამჩნევენ,
მე ვფიქრობ: დროა ერთმანეთის უკან ჩამოვდგეთ.
და რამდენიმე დღის წინ, ეს როცა
შენი სხეული ტანზე მატყლის საბანივით შემოვიკეცე,
გარეთ კი მთელი შემოდგომა ამოპირქვავდა
მე მლაშე ტბებში - შენს თვალებში
ორი ქაღალდის გემი გავუშვი
მშვიდობიდან გამოვედი
და ვთქვი:
აჰა, ჩემი წილი სიყვარული.
აჰა, ჩემი დაძლეული შიში.
აჰა, ჩემი დანგრეული სანგარი.
აჰა, ჩემი, შენი, სხვისი შვილი,
რადგან:
სიყვარული ყოველთვის არ ნიშნავს ბედნიერებას.
მაგრამ ბედნიერება ყოველთვის გულისხმობს სიყვარულს.
რადგან, შიში ყოველთვის უფრო მეტია,
ვიდრე შეიძლება იყოს დანაკარგი.
რადგან, ცხოვრება იმდენად მარტივია
არ შეიძლება, მას შიშში ვხარჯავდეთ.
რადგან, ომი არ გულისხმობს მხოლოდ გამარჯვებას,
მაგრამ უხერხულია ელოდო სანგარში.
რადგან, სამშობლო ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს
ის ნიშნავს მიწას.
ნიშნავს შვილებს.
ნიშნავს ჩამოჭრილ მარჯვენა მხარს.
- გამიმთლიანდი.

და პურმა ჭამა სამართალი.
და კაცმა თვალა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი